ამერიკის კონგრესის გაზეთი The Hill აქვეყნებს ჯულიან პეკეს სტატიას სათაურით: "საქართველოს ხელისუფლება ობამას ადმინისტრაცია მოუწოდებს , დაეხმაროს საკონსტიტუციო კრიზისთან გამკლავებაში".
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიზანია, დაარწმუნოს ამერიკელი მაღალჩინოსნები და კონგრესმენები, დაეხმარონ საქართველოს, როგორც თავად აღწერენ, კონსტიტუციური კრიზისის დაძლევაში, რამაც შესაძლოა, პრობლემები შექმნას საპრეზიდენტო არჩევნებისას აშშ-ის მოკავშირე რუსეთის მეზობელ ქვეყანაში.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი საპარლამენტო უმრავლესობა, - წერს The Hill-ის ჟურნალისტი, - კოალიცია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპირებს, დაითხოვას მთავრობა პირდაპირ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და ხელისუფლებაში თავისი ხალხი დანიშნოს. საქართველოს ახალი ხელისუფლება მოუწოდებს აშშ-ის, საქართველოს მთავარ სამხედრო და ეკონომიკურ დონორს, რომელიც 85 მილიონი დოლარით დაეხმარა გასულ წელს საქართველოს, განუცხადოს სააკაშვილს, რომ მხარი უნდა დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის შემდეგაც ის ვერ შეძლებს მთავრობის დათხოვნას.
"ცუდი არ იქნება, თუ საქართველოს მეგობრები, რომლებიც სააკაშვილის მეგობრებიც არიან, მეგობრულ რჩევას მისცემენ მას, რაც ძალიან კარგი იქნება მისი ქვეყნისთვის", - ციტირებს ავტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის The Hill-თან გაკეთებულ განცხადებას.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ვაშინგტონში მყოფი დავით უსუფაშვილი ერთი კვირის განმავლობაში შეხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს და 20 კონგრესმენს, მათ შორის ჯონ მაკკეინს, რომელიც სააკაშვილთან დაახლოებული პირია.
"პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს თავი უპირატესობას – დაითხოვოს მთავრობა - თუმცა, ამ დრომდე უარს აცხადებს ივანიშვილის მთავრობასთან გარიგებაზე", - აღნიშნავს ჯულიან პეკე.
"რა თქმა უნდა, სააკაშვილის ეს ნაბიჯი უდიდეს კონფლიქტს გამოიწვევს. ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას. თუმცა, საკმაოდ ზრდასრულები ვართ იმისთვის, რომ ვიცოდეთ – ასეთი დაპირება მხოლოდ დაპირებაა და მეტი არაფერი. ჩვენი პასუხი მის განცხადებაზე ასეთია: თუ თქვენ ამბობთ, რომ ხელში სახიფათო იარაღი გიჭირავთ და გვეთანხმებით, რომ ასეთი იარაღი დემოკრატ პრეზიდენტებს არა აქვთ, მაშ რატომ არ დებთ მას?", - ციტირებს გამოცემა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებს.
დაპირისპირება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, - წერს სტატიის ავტორი, - რომელიც წინ უძღოდა გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ვაშინგტონშიც მიმდინარეობდა, სადაც ერთმანეთს ორი მხარის მიერ დაქირავებული ლობისტები და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიები დაეჯახნენ.
საქართველოს ახალმა მთავრობამ, - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში, - ბევრი ეს კონტრაქტი გააუქმა, თუმცა ურთიერთობა გააგრძელა აშშ-ის ორ ყველაზე მთავარ სამართლის ექსპერტთან – ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორ, ლარი ლესიგთან და ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის პროფესორთან ჰოვარდ ფენტონთან – რათა მათ წარმოაჩინონ, რომ სააკაშვილის ძალაუფლება არადემოკრატიულია.
როგორც ჯულიან პეკე აღნიშნავს, უსუფაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა ითხოვა, საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდეს ყოფილი მაღალჩინოსნების ამნისტიასთან ერთად, რომლებიც კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის არიან გასამართლებული. პრეზიდენტმა ახალი მთავრობა დაადანაშაულა, რომ სასამართლოებს ოპონენტების დევნისთვის იყენებს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ის მიჰყვება იმ წარსულ ბრალდებებს, რომელიც სააკაშვილის მმართველობისას დაგროვდა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, უსუფაშვილი აცხადებს, რომ ვაშინგტონში იმყოფება, რათა დაარწმუნოს კონგრესმენები და ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიულ რეფორმებს და არ უარყოფს დასავლეთთან ურთიერთობას რუსეთთან დაახლოების სასარგებლოდ, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს.
"თავისი განცხადების დასტურად, უსუფაშვილს გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ორივე პარტიის მიერ ერთობლივად მიღებული საგარეო კურსის რეზოლუცია მოჰყავს. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო მიისწრაფის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და გამორიცხავს დსთ-ში გაწევრიანებას = ორგანიზაციაში, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის 9 ქვეყანას აერთიანებს, ვინც რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებისკენ მიისწრაფვის", - ნათქვამია სტატიაში.