სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე მთავრობის კანცელარიაში ევროკავშირის მიერ ახალი 5 წლიანი პროგამის დაწყების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას დაესწრო. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კვების მრეწველობის გაზრდასა და სოფლად სიღარიბის შემცირებას.
,,ევროკავშირის მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა იწყება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 40 მლნ ევრო გამოყოფას. ეს მნიშვნელოვნად წაადგება ქართველ ფერმერებს, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას“, -განაცხადა დავით კირვალიძემ.
,,ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოსთვის“ (ENPARD) 5 წლიანი პროგრამაა საქართველოს ინსტიტუტებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის 40 მლნ ევროს გამოყოფს.
პროგრამა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ესენია:
1. საბიუჯედო დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 18 მლნ ევროს გამოყოფას რაიონებში ფერმერებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნასა და ფერმერთა კოოპერაციების შექმნის ხელშეწყობისთვის.
2. 15 მლნ ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის განვითარების საგრანტო პროგრამების დაფინანსება.
3. ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის 5 მლნ ევრო გამოიყოფას ითვალისწინებს.
4. 2 მლნ ევრო მოხმარდება აუდიტს, შეფასებასა და საინფორმაციო ღონისძიებებს.
ENPARD შეავსებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ სხვადასხვა ქმედებებს, რომლებიც უკვე მიმდინარეობს სურსატის უვნებლობის, ასევე რეგიონული განვითარების და პროფესიული განათლების სფეროებში.