აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, პროფესორთა ლიგამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პროფესორთა ლიგას მიაჩნია, რომ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები – ესაა ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა და საქართველოში ბინძურ საქმეთა და ფულის საკეთებლად მოვლინებული ავანტიურისტის კახა ბენდუქიძის ინსპირირებული მორიგი ავანტიურა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ხელისუფლებისადმი უკმაყოფილი ელემენტების გამრავლებას.
ახალმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს, თუ როგორ გადაეცა აგრარული უნივერსიტეტი კახა ბენდუქიძეს, რატომ მიმდინარეობს პროფესიონალთა გაყრა იქიდან, რატომ იშორებენ სხვადასხვა ფაკულტეტებს და გადააქვთ ისინი სხვადასხვა ქალაქებსა თუ უნივერსიტეტებში, რათა საბოლოოდ შენობის მთელი კომპლექსი ხელთ იგდოს კახა ბენდუქიძემ და თავისუფალმა უნივერსიტეტმა.
პროფესორთა ლიგა თვლის, რომ საკმარისი არაა უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერება (რაც შეიძლება ხელსაც კი აძლევდეს ბენდუქიძეს, რომელსაც სტუდენტთა ბედი დიდად არ ადარდებს), საჭიროა ასევე აგრარული უნივერსიტეტის დაბრუნება სახელმწიფოს განკარგულებაში (მით უმეტეს, როცა მილიარდი დოლარი იდება სოფლის მეურნეობაში), დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენა თანამდებობებზე, ახალი რექტორის დროებით დანიშვნა და უკვე დეფიციტური კადრებით ქვეყნის რაც შეიძლება მალე მომარაგება".