გიგი უგულავა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს

გიგი უგულავა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს

თბილისის მერი გიგი უგულავა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"ჩემი აზრით სრულიად გაუგებარი და გაუგონარი გადაწყვეტილებაა, აგრარული უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის გაუქმება. გაუგებარია შინაარსიც, გაუგებარია ფორმაც, რატომ მოხდა ეს დილის ხუთ საათზე. თვითონ ის ფაქტი როგორც ეს გაფორმდა მეტყველებს, რომ აქ მართლაც რაღაც პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი.

სიმართლე გითხრათ, პირველი რაც მე გამახსენდა არის გამოთქმა, "მტერი მტერსა ვერას ავნებს, კაცი თავს თითონ რომ ივნებს". გაუგებარია რა ლოგიკას ეფუძნება, რაში ჭირდება მთავრობას ასეთი გადაწყვეტილების მიღება. რატო იქმნის დამატებით პრობლემებს, რატომ აყენებს სტუდენტებს სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში და ისედაც ბევრი პრობლემის მქონე ქვეყანაში დამატებით ხელოვნურად რატომ ვქმნით პრობლემებს.

მე გამახსენდა 2004 წელი, როდესაც ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებაზე ვსაუბრობდით და შემოვიღეთ, ამაზე საზოგადოება მთლიანად დღეს უკვე შეთანხმებულია, რომელმაც არსებითად გააუმჯობესა და გააჯანსაღა გარემო უმაღლესი განათლების სისტემაში, აღმოფხვრა კორუფცია და დასაბამი დაუდო ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას განათლების სისტემაში. მაშინაც იყო სტუდენტების ჯგუფი, სამედიცინო კოლეჯის თუ არ ვცდები, რომელთაც ფული ჰქონდათ გადახდილი კოლეჯისთვის და ამიტომ ითხოვდნენ პრივილეგიას და არ უნდოდათ ჩაებარებინათ ერთიანი ეროვნული გამოცდები , იყო მწვავე გამოსვლები, მაგრამ ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ნდობის რესურსი რაც მათავრობას ჰქონდა დაეხარჯა იმ რეფორმებისთვის, რომელმაც რეალურად დღეს ხელშესახები სიკეთე მოგვიტანა.

ამიტომ მე მართლა გულწრფელად ვისურვებდი, რომ ის მხარდაჭერა თუ რეიტინგი, რომელიც ხშირად შეიძლება თავბრუდამხვევი იყოს და ისეთი სუსულელე გაგაკეთებინოს რა გადაწყვეტილებაც ორი დღის წინ განათლების სამინისტრომ მიიღო, დახარჯოს რეფორმებისთვის და არა უკვე მიღწეული, გაუმჯობესებული, მართლაც ერთ–ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ზოგადად მხარდაჭერა სასურველია მთავრობამ გამოიყენოს რეფორმების გაგრძელებისთვის, სიტუაციის გაუმჯობესებისთვის და არა არსებული, უკვე მიღწეული შედეგების დასანგრევად.

მე გიორგი მარგველაშვილს, დღევანდელ მინისტრს კარგად ვიცნობ. ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობთ, ერთ სკოლაში, ერთ უნივერსიტეტში და ერთ ფაკულტეტზე, ვსწავლობდით. მე მინდა მას გულწრფელად ვკითხო, მაშინ როდესაც ის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასეთ შემთხვევაში ის იჯდებოდა განათლების სამინისტროს შენობაში, თუ დადგებოდა სტუდენტების გვრდზე შენობის გარეთ. მე ვიცი, რომ ის დღეს ამაზე პასუხს არ გასცემს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავის თავში, რომ ჩაიხედავს, გაიხსენებს ბევრ რამეს და თავის თავთან მაინც გამოტყდება, რომ ის იდგებოდა გარეთ სტუდენტების გვერდზე, იმიტომ რომ, დღეს ის სტუდენტები არიან მართლები და მათ ჩაგრავთ სისტემა", _ ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.