დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და გენერალური პროკურორი, ბაღდათის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი - არჩილ კბილაშვილი, ბაღდათის რაიონში მუნიციპლიტეტების რწმუნებებულებსა და სოფლის გამგებლებს შეხვდნენ. დავით კირვალიძემ შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული - მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„მართალია ძალიან მცირე დროით, მაგრამ მე ვიყავი ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ძალიან დიდია სურვილი იმისა, რომ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდეს. დღევნადელ შეხვედრაზე სოფლის მეურნების მინისტრთან ერთად ჩვენ განვიხილეთ და მოსახლეობას გავაცანით საგაზაფხულო პროგრამის დეტალები. ეს მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა ახორციელებს.“ - განაცხადა არჩილ კბილაშილმა.
დღესვე გენერალური პროკურორი და სოფლის მეურნეობის მინისიტრი სოფელ დიმში მოსახლეობას შეხვდნენ, რაიონში არსებული პრობლემების შესახებ პირადად მათგან მოისმინეს და ადგილობრივ მკვიდრებს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები გააცნეს. დავით კირვალიძე და არჩილ კბილაშვილი საგაზაფხულო ხვნის სამუშაოების დაწყებასაც დაესწრნენ.
„ეს პროგრამა და კერძოდ ეს სამუშაოები, არის წინასაარჩევნო დაპირების შესრულების ნაწილი. მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა ქვემო ქართლიდან დაიწყო და აგროვადების გათვალისწინებით, ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. იმერეთის რეგიონში ბარათების დარიგების პირველი ეტაპი დასრულებულია. დღეს კი, ბაღდათის რაიონში უკვე პირველი ფართობები მოიხნა,“- განაცხადა დავით კირვალიძემ.
მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამაზე და საგაზაფხულო ხვნის მიმდინარეობაზე დავით კირვალიძემ სოფლის მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საგაზაფხულო სამუშაოებს 6 რეგიონში პარალელურად ახორციელებს. „თითქმის დამთავრდა საგაზაფხულო ხვნის პროცესი ქვემო ქართლში, სამუშაოები დავიწყეთ კახეთში და იმერეთში. უახლოეს დღეებში შიდა ქართლში დასრულდება საგაზაფხულო ხვნის პროცესი და შემდეგ გადავინაცვლებთ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში. ეტაპობრივად, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები იქნება ჩატარებული. ქართველი გლეხი და ქართული სოფელი რეალურად იგრძნობს სოფლის მეურნეობის აღორძინებას“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.
დღეის მდგომარეობით - შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონებში ჯამში მოხნულია 7 ათასი ჰა მიწის ფართობი. კერძოდ: შიდა ქართლში (კასპი, ქარელი); ქვემო ქართლში (მარნეული,ბოლნისი); კახეთში (ჩალაუბანი, ლაგოდეხი); იმერეთში (ზესტაფონი, თერჯოლა )
ამ ეტაპზე, კომბინირებული ბარათები უკვე დარიგდა ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკა), კახეთის რეგიონში (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა), შიდა ქართლის რეგიონში (კასპი, ქარელი, გორი, ხაშური), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (მცხეთა, დუშეთი, თიანეთი) და იმერეთის რეგიონში (საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია). ბარათების დარიგება უკვე მიმდინარეობს გურიის რეგიონში. კომბინირებული ბარათების დარიგება ასევე დაიწყება აჭარის ა/რ ტერიტორიაზე (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).
ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკა) უკვე დასრულებულია ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება. სხვა რეგიონებში აღნიშნული ბარათების დარიგება ეტაპობრივად გაგრძელდება.