წერილების ომი საქართველოს პოლიტიკურ დაძაბულობას ნათელს ჰფენს, – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას ევროკავშირის საინფორმაციო ვებგვერდი. სტატია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო გზავნილს "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გამოგზავნილ ღია წერილზე.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მკაცრი პასუხი გასცა ევროპარლამენტის მემარჯვენე ცენტრისტულ "ევროპის სახალხო პარტიის" ბლოკის კრიტიკას, რომ შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დემოკრატიული რეფორმებისგან უკანდახევით ქვეყანას "ევროპის კარი დაუხუროს".
ევროპარლამენტის 23-მა წევრმა, - ნათქვამია სტატიაში, - 6 მარტს ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და დემოკრატიისგან უკანსვლაში დაადანაშაულა.
"წერილს ხელს აწერდნენ იერჟი ბუზეკი, პოლონეთის ექს-პრემიერი და ევროპის პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი; ელმარ ბროკი, ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავკაცი და ლიტვის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიტაუტას ლანდსბერგისი. სამივე მათგანი "ევროპის სახალხო პარტიის" წევრია", - ნათქვამია ევროკავშირის საინფორმაციო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.
ევროპარლამენტის 23 წევრი, - აღნიშნულია სტატიაში, - მწუხარებას გამოთქვამს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, სასამართლო სისტემასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო, აგრესიულ რიტორიკასა და ბრბოს პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპირისპირებაზე. ასევე, სიძულვილის ენის ხშირ გამოყენებაზე.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, გასული წლის 1-ელ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული დაძაბულობა ასახავს. სააკაშვილის პარტიას ადანაშაულებენ თავიანთი გზავნილების გაძლიერებაში ლობისტებისა და რიგი დასავლელი კონსერვატორი პოლიტიკოსების მეშვეობით.
"ევროპის სახალხო პარტიის" წევრების წერილს უპასუხა საქართველოს პარლამენტისა და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" წევრია და სთხოვა მათ, სანამ ბრალდებებს წამოაყენებენ, ფაქტები გადაამოწმონ, - ნათქვამია სტატიაში.
"გთხოვთ, ნუ დაგვისახავთ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ყოფილ რეჟიმს ევროპული სტანდარტების მეტრად, რადგან ეს ევროპის შეურაცხყოფაა. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სიცრუეზე დაფუძნებულ მსგავს განცხადებებზე ხელის მოწერისგან, რადგან მალე შეგრცხვებათ თქვენივე ქმედებების გამო", - მოჰყავს ევროკავშირის ვებგვერდს დავით უსუფაშვილის წერილიდან ამონარდი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, დავით უსუფაშვილმა მკაცრად უარყო ევროპის პარლამენტის წევრთა განცხადება, რომ საქართველოს პროევროპული პოზიციები საფრთხის ქვეშაა ამჟამინდელის მთავრობის ხელში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი და სააკაშვილი მეორეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს 4 მარტს. ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილისგან მან ვერ მიიღო ზუსტი პასუხი, მხარს უჭერს თუ არა ის შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობითაა წარმოდგენილი, - ნათქვამია ევროკავშირის საინფორმაციო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, - მას ცოტა უკლია 100 დეპუტატამდე, რაც საჭიროა კონსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად. სააკაშვილი კი, - აღნიშნული სტატიაში მოუწოდებს, მ არ გაართულონ პრობლემა და აცხადებს, რომ არ აპირებს ამ საკონსტიტუციო უფლებით სარგებლობას - მთავრობის დათხოვნას და ახლის დანიშვნას პარლამენტის თანხმობის გარეშე.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მისი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იდევნებიან ისევე, როიგორც წინა ხელისუფლების თანამდებობის პირები. მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა მოსამართლეებზე შეტევის გამო, რომელიც მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მუქარის ქვეშაა. სააკაშვილი ასავე უკმაყოფილოა ახალი მთავრობის კამპანიაზე "დაამყაროს პოლიტიკური კონტროლი მედიაზე".
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, - აღნიშნულია სტატიაში, - ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს იყო "ჩემი შენ გითხარი" შეხვედრა და ამბობს, რომ სააკაშილი პასუხისმგებელი იყო მსგავს დარღვევებზე მაშინ, როცა მისი "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო.