დიდი საზოგადოებრივი ინტერესის და კონკრეტულად ჩვენი მკითხველის არაერთი თხოვნის საფუძველზე ჩვენმა მედიასაშუალებამ მიმდინარე წლის 21 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საქართველოდან გატანილ და უკან დაბრუნებულ ექსპონატებზე, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
სამინისტროდან 4 მარტით დათარიღებული პასუხი წამოვიღეთ მიმდინარე წლის 5 მარტს. კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმოწერილ პასუხს თან ახლავს 293-გვერდიანი დოკუმენტაცია, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. კერძოდ, ვარკვევთ საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის, სიწმიდეების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გატანის და შემდეგ უკან დაბრუნების კანონთან შესაბამისობას.
for.ge მაქსიმალურად მოკლე დროში ეცდება საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია, 2004-დან 2012-ის ჩათვლით საქართველოდან უცხოეთში გატანილ და შემდეგ უკან დაბრუნებულ სამუზეუმო ექსპონატებზე, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
ჩვენი განცხადება, რომლითაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას 21 თებერვალს მივმართეთ, ამგვარი შინაარსისაა:
"ბატონო მინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 41 მუხლებისა და "კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ" კანონის მე-14-ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, მომაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:
1. 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სად, რომელ ქვეყანაში, რომელ გამოფენაზე იმოგზაურა საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა ექსპონატებმა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებმა?
2. გთხოვთ, მომაწოდოთ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველოდან უცხოეთში გასული და უკან დაბრუნებული, საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი. გთხოვთ, მომაწოდოთ ჩამონათვალის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია.
3. ასევე გთხოვთ, მომაწოდოთ იმ დოკუმენტების ასლი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქვეყნის გარეთ გატანა და უკან დაბრუნება".