დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე და კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალაში მოსახლეობას შეხვდნენ და საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხვნის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
როგორც "პირWელს" სამინისტროდან აცნობეს, გლეხებმა მთავრობის მიერ განხორციელებული მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა დადებითად შეაფასეს. მინისტრის მოადგილემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფლის მოსახლეობისგან რაიონში არსებული პრობლემები მოისმინეს და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
"მთავრობა თავის წინასაარჩევნო დანაპირებს ასრულებს. ამის ნათელი მაგალითია ეს პროგრამა, რომელიც არის სოფლის მეურნეობის აღორძინებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. შედეგები ალბათ, უკვე შემოდგომაზე გამოჩნდება. მართალია პირველ წელს ყველაფერი არ მოგვარდება, მაგრამ ეს პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ქართველი გლეხი და ქართული სოფელი რეალურად იგრძნობს სოფლის მეურნეობის აღორძინებას", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
ამასთან, მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამზე და საგაზაფხულო ხვნის მიმდინარეობაზე დავით შერვაშიძემ სოფლის მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
"სოფლის მეურნეობის სამინისტრო საგაზაფხულო სამუშაოებს 6 რეგიონში პარალელურად ახორციელებს. თითქმის დამთავრდა საგაზაფხულო ხვნის პროცესი ქვემო ქართლში, სამუშაოები დავიწყეთ კახეთში და იმერეთში. უახლოეს დღეებში შიდა ქართლში დასრულდება საგაზაფხულო ხვნის პროცესი და შემდეგ გადავინაცვლებთ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში. ეტაპობრივად, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები იქნება ჩატარებული", - განაცხადა დავით შევაშიძემ.
არსებული მდგომარეობით შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონებში ჯამში მოხნულია 5690.81 ჰა მიწის ფართობი. კერძოდ, შიდა ქართლში(კასპი, ქარელი) -3056 ჰა, ქვემო ქართლში (მარნეული, ბოლნისი) - 2338, კახეთში (ჩალაუბანი)- 293.21, იმერეთში (ზესტაფონი) – 3.6.
ამ ეტაპზე, კომბინირებული ბარათები უკვე დარიგდა ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკა), კახეთის რეგიონში (საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა), შიდა ქართლის რეგიონში (კასპი, ქარელი, გორი, ხაშური), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (მცხეთა, დუშეთი, თიანეთი) და იმერეთის რეგიონში (საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია). ბარათების დარგიგება უკვე მიმდინარეობს გურიის რეგიონში. კომბინირებული ბარათების დარიგება ასევე დაიწყება აჭარის ა/რ ტერიტორიაზე (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო). ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკა) უკვე დასრულებულია ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება. სხვა რეგიონებში აღნიშნული ბარათების დარიგება ეტაპობრივად გაგრძელდება.