ბიძინა ივანიშვილი შუალედურ არჩევნებს კოალიციაში შემავალ პარტიებს უთმობს

ბიძინა ივანიშვილი შუალედურ არჩევნებს კოალიციაში შემავალ პარტიებს უთმობს

პარლამენტის შუალედური არჩევნები - ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 27 აპრილს ჩატარდება და ამ დრომდე, პოლიტიკურ წრეებში კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში განუცხადეს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ნაძალადევის ოლქში კანდიდატად - ბიძინა გიორგობიანის წარდგენა სურდა, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ არჩევნებში მონაწილე პირი საქართველოში ბოლო რამდენიმე წელი უნდა იყოს ნაცხოვრები, კოალიციამ გიორგობიანის არჩევნებში ჩართვა გადაიფიქრა.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერები კულუარულ საუბარში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციაში შემავალ პარტიებს - რესპუბლიკელებს, კონსერვატორებს და „ეროვნულ ფორუმს“ შესთავაზა, რომ არჩევნებში პარტიული კანდიდატები წარადგინონ და პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა გაზარდონ.

რაც შეეხება უმცირესობას, შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გუშინ იმსჯელეს, თუმცა, კანდიდატები ვერ შეარჩიეს.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში განუცხადა, პარტიას კანდიდატების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებული აქვს, თუმცა, უმცირესობაში ვერ ჩამოყალიბდნენ - კანდიდატები ნეიტარული პირები იქნებიან, თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შედგება. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებულ დეპუტატებს - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ, რის გამოც, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნები დანიშნა.