საქართველოს მწვანეთა პარტია აცხადებს, რომ ევროპარლამენტის წევრების მიერ პრემიერ-მინისტრისადმი 6 მარტს მიწერილი წერილის ერთერთი ხელმომწერი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.
როგორც საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წერილს ევროპის „მწვანეებმაც“ მოაწერეს ხელი.
„ევროპარლამენტში ევროპის „მწვანეები“ წარმოდგენილია პოლიტიკური ბლოკის საშუალებით, რომელსაც „მწვანეები და ევროპის თავისუფალი ალიანსი“ ქვია. მასში გაწევრიანებულია 59 დეპუტატი და შედგება - „ევროპის მწვანეთა პარტიის“, „ევროპის თავისუფალი ალიანსის“, 2 პარტიის, რომლებიც არ არიან საერთო ევროპული პარტიების შემადგენლობაში და 6 დამოუკიდებელი დეპუტატისგან. იმ 23 ხელმომწერიდან ერთი – ინდრეკ ტარანდი (Indrek Tarand) მართლაც შედის ამ გაერთიანებში, თუმცა როგორც უპარტიო და დამოუკიდებელი დეპუტატი ესტონეთიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მწვანეთა პარტიის ინფორმაციით, ინდრეკ ტარანდი 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო და დღემდე მის ლობისტად რჩება.
საქართველოში მედიის თავისუფლების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის 23-მა წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა.
წერილში ევროპარლამენტარები პარლამენტის წევრებზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვდნენ. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წერილს ხელს აწერენ ევროპის სახალხო პარტიის, მწვანეთა და ევროპის თავისუფალი ალიანსის, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრები. ხელმომწერებს შორის არიან ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც.