სტანისლავ სეკრიერუ:  აშკარა ცვლილებაა სეპარატისტული რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მიმართვის ტონში

სტანისლავ სეკრიერუ: აშკარა ცვლილებაა სეპარატისტული რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მიმართვის ტონში

გერმანიის მარშალის ფონდის საიტი აქვეყნებს ფონდის - "შავი ზღვის ფონდი რეგიონალური თანამშრომლობისთვის" ანალიტიკოსის , სტანისლავ სეკრიერუს 2013 წლის ანგარიშს, სათაურით "გადაუჭრელი კონფლიქტები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში". 

ანგარიშში ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა საქართველოსაც, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა რეგიონისთვის კარგი მოვლენაა. თუმცა, ოპოზიციასა და მმართველ კოალიციას შორის არსებული კონფლიქტის გამწვავებამ, შესაძლოა, 2013 წელს ნეგატიური გავლენა იქონიოს ახალი მთავრობის ძალისხმევაზე რუსეთთან და სადავო ტერიტორიებთან მიმართებაში.

"სათავეში ახლახან მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან წინა მთავრობის მიერ არსებული ურთიერთობისა და გრძელვადიანი კონფლიქტის გამოსწორების სურვილი გამოხატა. მიზანი იგივე რჩება, რაც წინა მთავრობის დროს – კერძოდ, ქვეყნის რეინტეგრაცია, თუმცა, საქართველოს ახლანდელი მთავრობა, წინამორბედისგან განსხვავებით, ამის სხვაგვარად განხორციელებას გეგმავს. როგორც ჩანს, თბილისი ცდილობს იპოვოს ბალანსი მსოფლიოში სეპარატისტული რეგიონების აღიარების აღკვეთასა და დე-ფაქტო რეგიონების ხელისუფლებას შორის", - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც სტანისლავ სეკრიერუ წერს, პირველ რიგში, აშკარა ცვლილებაა სეპარატისტული რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მიმართვის ტონში. "ნაცვლად იმისა, რომ მათ "მარიონეტული რეჟიმი" უწოდონ, რომელთანაც ურთიერთობა არ ღირს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა", - ნათქვამია ანგარიშში.

მეორე რიგში, - აღნიშნავს ანგარიშის ავტორი, - რეინტეგრაციის მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წელს მიღებულ კანონში ცვლილებისკენ მოუწოდებს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რამდენიმე დადგენილება ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა გააკრიტიკა, რამდენადაც აფერხებენ ზოგიერთი ძირითადი უფლების განხორციელებას და აცემენტებენ საქართველოსა და სადავო ტერიტორიებს შორის იზოლაციას.

ანგარიშის ავტორი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ცვლილებები გააუქმებს ზოგიერთ შეზღუდვას საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის თავისუფლად გადაადგილებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებით. რეინტეგრაციის ახალი მინისტრი გამოდის ინიციატივით, ცნონ სეპარატისტული მთავრობის მიერ გამოცემული დოკუმენტების მართებულობა და აღდგეს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო გზა საქართველოსა და რუსეთს შორის.

და მესამე, - წერს სტანისლავ სეკრიერუ, - საქართველოს ახალი ხელისუფლება ისწრაფვის რუსეთთან ურთიეთობის ნორმალიზაციისკენ ქვეყნის რეინტეგრაციის იმპერატივების ჩარჩოების გათვალისწინებითა და საგარეო პოლიტიკის ევროატლანტიკური ვექტორისკენ მიმართვით. ამ პოლიტიკის გატარებას ემხრობიან საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მთავარ საფრთხედ განიხილავენ უსაფრთხოების საკითხში, მიისწრაფიან ჩრდილოელ მეზობელთან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებისკენ. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, რითაც მოსკოვთან პირდაპირ მოლაპარაკებების სურვილი გამოხატა.

კიდევ ერთი დამთმობი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა რუსული არხების ხელახლა ჩართვა იყო, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გათიშული იყო. თუმცა, ამავდროულად დაიხურა ტელეკომპანია "პიკი", ერთადრთი ქართული საზოგადოებრივი არხი, რომელიც რუსულ ენაზე მაუწყებლობდა.

მაშინ, როცა – წერს ანგარიშის ავტორი, სტრატეგია "ყველაფერი, გარდა აღიარებისა" კვლავაც ადრეულ ეტაპზეა, ის ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებულ ევროკავშირის "არაღიარებისა და ჩართულობის" პოლიტიკას. ევროკავშირმა ჯერაც მხარი უნდა დაუჭიროს თბილისს, შეამსუბუქოს პირობები, რომელიც 2010 წელს მიიღო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართვისთვის და რომელიც გართულებულია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივისტებისთვის. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ეს მომენტი და გააძლიეროს ჟენევის მოლაპრაკებები და არა მხოლოდ "მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის" დატოვოს, არამედ უფრო კონკრეტულ და რეალურ შედეგებად აქციოს.

მაგალითად, - წერს მოხსენების ავტორი, - ევროკავშირს, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან, შეუძლია უბიძგოს მხარეებს ძალის არ გამოყენებისკენ, მათ შორის, რუსეთსაც. გარდა ამისა, ევროკავშირმა უნდა გაახანგრძლივოს ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რომელიც 2013 წლის სექტემბერში იწურება.

სტანისლავ სეკრიერუ აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ამოცანაა, გაარღვიოს არსებული მანკიერი წრე, რომელიც აფერხებს ნდობის აღდგენას, რაც არც ისე ადვილია. თუმცა, სასწაული ერთ ღამეში არ მოხდება, - წერს ანგარიშის ავტორი, - რადგან ომის მოგონებები ჯერაც ცოცხლობს. საქართველოსა და ევროკავშირისადმი აფხაზეთის ხელისუფლების დამოკიდებულება 2012 წელს კიდევ უფრო გართულდა. აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოს ყველა მცდელობას დაგებულ მახედ და მისი "სახელმწიფოებრიობის" რღვევის მცდელობად მიიჩნევს.

ეკონომიკურ დეპრესიაში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთი, - წერს ანგარიშის ავტორი, - რომლის მოსახლეობის რიცხვი სულ უფრო მცირდება და სადაც ძლიერი რუსი სამხედროები დგანან, სულ უფრო გვაგონებს ჩაკეტილ სამხედრო გარნიზონს. თუმცა, კონფლიქტურ ზონებში სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტები, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, მიუთითებს ნდობის აღდგენის გარკვეულ ზომებზე.

რთულია იმის შეფასება, როგორ მიუდგება რუსეთი საქართველოს მიერ სეპარატისტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ან როდის გადაწყვეტს ის მოქმედებას, რათა გაამწვავოს დაძაბულობა, რაც წარმოუდგენელს გახდის ხელახლა დაახლოებას. თებერვალში რუსეთის მიერ გაჟღერებული საგარეო პოლიტიკა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ კრემლის უცვლელ პოზიციებზე მიუთითებს. ასევე, ძალიან რთულია იმის წინასწარმეტყველება, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს საქართველოს მიერ შეთავაზებული ურთიერთობების `გადატვირთვაზე~.