სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია GT Motors-მა გაიმარჯვა. 54 „სუზუკი ჯიმნის“ მარკის მანქანა ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში გაიგზავნება.
საკონსულტაციო სამსახურებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პრობლემების ადგილზე შესწავლა და ვითარების ანალიზი ევალება, რაც თავისთავად რაიონის მასშტაბით ხშირ გადაადგილებას ითვალისწინებს. კომპაქტური, მაგრამ მძლავრი და მაღალი გამავლობის „სუზუკი ჯიმნის“ ავტომობილები საგანგებოდ შეირჩა რეგიონებში ძნელად სავალი გზებისა და მიუდგომელი ადგილებისთვის.
საკონსულტაციო ცენტრების დაკომპლექტება 20 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც სამსახურები სრულყოფილად ამოქმედდება და ადგილობრივ ფერმერებსა და გლეხებს მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს. ცენტრებში ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი კონკურსის გავლის შედეგად 250-მდე პროფესიონალი დასაქმდება.