ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძის განცხადება

ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძის განცხადება

თავდაპირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას:

საპროტესტო აქცია არ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ჩემი პროტესტი უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ციხის კადრების გამოძიებაში, ასევე - ქართულ სასამართლოს, რომელიც ჯერ კიდევ მოქცეულია სააკაშვილის ზეგავლენის ქვეშ.

ციხის სკანდალთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყოფილი ხელისუფლების დროს, გასული წლის 25 აგვისტოს. გამოძიება, რეალურად, დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ჩემს მიერ გადაღებული ციხის სკანდალური კადრები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ჩემს მიერ გადაღებული კადრები ასახავდა პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე სისტემურ დანაშაულს, პატიმართა მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს. კადრების გავრცელებისთავე, სააკაშვილმა გვერდი ვერ აუარა მომხდარ სისტემურ დანაშაულს და აღიარა ეს, როგორც სისტემის მარცხი, რასაც მოჰყვა მასობრივი პროტესტი და თანამდებობებიდან ხათუნა კალმახელიძისა და ბაჩო ახალაიას გადადგომა.

სააკაშვილის რეჟიმის იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განიზრახეს კადრების გადაღებისა და გავრცელების პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა და დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის ფაბრიკაცია.

საქმე აღიძრა იმ მოტივით რომ, თითქოსდა, მე, ვლადიმერ ბედუკაძემ ურთიერთობა დავამყარე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილითან და ირაკლი ღარიბაშვილთან ასევე, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან, რომლებისგანაც, თითქოსდა, მივიღე დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავე მასალების მიხედვით, მათივე დაკვეთით ჩემი მეგობრების, ლევან ფხალაძის და ბორის ფარულავას დახმარებით ვაწამებდი პატიმრებს, ვიღებდი კადრებს შემდგომში საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გააგრძელეს იგივე პროკურორებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშული საქმის ფაბრიკაციაში და მათივე მეშვეობით საქმის გამოძიება წარიმართა ადეიშვილის სცენარით.

საქმის მასალების მიხედვით, საერთოდ არ არის გამოკვეთილი სისტემური დანაშაული. შედეგად, ეს სკანდალური საქმე დაყვანილია კონკრეტულ სისხლის სამართლის რამდენიმე ეპიზოდის დონეზე. ექსპერტიზა ჩატარებულია იმ კადრების ასლებზე, რომლებიც გავრცელდა ინტერნეტით და რომლებიც ტელევიზიებით გადაიცა და არა, ჩემს მიერ გადაღებულ დედნებზე.

2013 წლის 4 მარტს დაიწყო წინასასამრთლო სხდომა 17 ბრალდებულის მიმართ. საქმის მსვლელობისას გაირკვა, რომ ბრლდების მხარე დღემდე ეყრდნობა წინა ხელისუფლების პირობებში „გამოძიებულ“ და ფალსიფიცირებულ მასალებს, სადაც ჩემსა და ბორის ფარულავას, ლევან ფხალაძისა და ლევან ფურცხვანიძის მიმართ ბრალდება აშკარად შეთითხნილია.

წინა სასამართლო სხდომაზე ვიშუამდგომლეთ აღკვეთის ღონიძიების შეცვლის თაობაზე იმ პირთა მიმართ (ფარულავა ფხალაძე, ფურცხვანიძე) რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კადრების მოპოვებასა და სისტემური დანაშაულის მხილებაში. ჩემთან ერთად, დასახელებულმა პირებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და კიდევ არაერთი მძიმე დანაშაულის გახსნაში შეუწყვეს ხელი ბრალდების მხარეს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო მიმდინარეობს არაობიექტურად. წინასასამართლო სხდომაზე, სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლის, ვაჟა ფუხაშვილის მიერ არ დაკმაყოფილდა ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობა მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ არაობიექტურად არის განხილული არაერთი სკანდალური საქმე, მათ შორის - ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ, რომელმაც საერთაშორისო სკანდალში გახვია ქვეყანა.

იმის გამო, რომ ვერ ვხედავ საქმის ობიექტურად განხილვის პერსპექტივას, მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას და ვაცხადებ შიმშილობას:

მოვითხოვ შეხვედრას სახალხო დამცველთან, მთავარ პროკურორთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.