ცნობილია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები:
"ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ-პროპაგანდისტულ საინფორმაციო პოლიტიკასთან ასოცირებულ ხათუნა ბერძენიშვილთან დაკავშირებული და ხმაურიან სკანდალში გადაზრდილი სამსახურებრივი გადანაცვლება;
მიხეილ სააკაშვილის თითის ქნევა - პირველი არხის საქმეებში ხელებს ნუ აფათურებთო;
არხის სამეურვეო საბჭოს (ბორდის) სრულიად არაადეკვატური ნაბიჯი -არხის გენერალური დირექტორის სასწრაფო წესით გადაყენება, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკური დირექტივის შესრულებას უფრო ჰგავს, ვიდრე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას;
არხის თანამშრომელთა შეხვედრა ბორდთან და ის უმწეობა და სიბრიყვე, რომლებიც ამ შეხვედრაზე ბორდის წევრებმა გამოამჟღავნეს;
არხის თანამშრომელთა ნაწილის ჯანსაღი პოზიცია, მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მისი ჭეშმარიტი სახისა და ფუნქციის დაბრუნების სურვილი.
ჩამოთვლილი და ზოგიერთი სხვა გარემოება მკაფიოდ მიუთითებს, რომ:
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაუშვებლად დაბალი რეიტინგი და მაყურებლის უნდობლობა არხის მიმართ სწორედ ტენდენციური საინფორმაციო პოლიტიკითა და მანკიერი პროპაგანდისტული სულისკვეთებით არის განპირობებული და არა იქ მომუშავე ადამიანთა არაპროფესიონალიზმით. სამეურვეო საბჭოს კი არაფერი გაუკეთებია მდგომარეობის გამოსასწორებლად.
2. სამეურვეო საბჭოს დაკარგული აქვს საზოგადოებისა და არხის თანამშრომელთა უმეტესი ნაწილის ნდობა. სწორედ სამეურვეო საბჭოს უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები ქმნის კრიზისულ ვითარებას, იწვევს თანამშრომელთა აღშფოთებას და აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას არხის მიმართ.
3. "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიურ ინსტრუმენტად ქცეული საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა, ხილულ თუ უხილავ მმართველთა მოქმედებებმა აავსო საზოგადობის მოთმინების ფიალა.
„ქართული აკადემია“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა სამართლიანი პროტესტი, მათი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება იძლევა იმედს - ფუნდამენტური სისტემური რეფორმირების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ არა რომელიმე პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ მყოფი ტელეარხი, არამედ მართლაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი და გამტარებელი მაუწყებელი. შექმნილ ვითარებაში ჟურნალისტთა კორპუსი, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება ვალდებულია მორალური, ინტელექტუალური და სამართლებრივი დახმარება გაუწიოს არხის თანამშრომლებს ღირსებისა და პროფესიული უფლებებისათვის დაწყებულ სამართლიან ბრძოლაში.
„ქართული აკადემია“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, - უმრავლესობსაც და უმცირესობასაც, - დროულად მოამზადოს შესაბამისი ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონსა და სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესში, რათა უზრუნვეყოფილ იქნეს არხის ჟურნალისტთა, მთელი შემოქმედებითი კოლექტივის მაქსიმალური დაცვა პოლიტიკური გავლენებისაგან. ამ ცვლილებათა პაკეტის მომზადებაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე პროფესიონალთა ხედვა და კონკრეტული წინადადები.
გადამხდელთა ფულით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონი ნაცმოძრაობა კი არ არის, არამედ საზოგადოება და სწორედ საზოგადოებას ევალება დაიბრუნოს ის, რაც მას კანონიერად ეკუთვნის.