სოფლის მეურნეობის მინისტრმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი მიიღო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის არსებული გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
დავით კირვალიძე განსაკუთრებით დაინტერესდა ესტონეთში ფერმერული კოოპერაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტებით და შესაბამისი კანონმდებლობით. პრიიტ ტურკმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულ დარგად დასახელება. ელჩი სოფლისა და სოფლის მეურნეობის ფონდის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებითაც დაინტერესდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთის სურსათის უვნებლობის სამსახურების ერთობლივ სემინარზეც ისაუბრეს, რომელიც 12 მარტს თბილისში ჩატარდება. სემინარი საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში გაიმარება. პროექტის მიზანს ქართული კვების მრეწველობაში სურსათის უვნებლობის ვროპული სტანდარტების დანერგვა და ამ მიმართულებით ესტონური გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
როგორც დავით კირვალიძემ აღნიშნა, სურსათის უვნებლობის დაცვა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზება საინტერესო და პროდუქტიული იქნება.