Eurasianet-ი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე სტატიას აქვეყნებს

Eurasianet-ი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე სტატიას აქვეყნებს

გამოცემა Eurasianet-ი აქვეყნებს ჯოშუა კუცერას სტატიას სათაურით - "სააკაშვილი და ჰასანოვი რუსეთის საფრთხეზე აზერბაიჯანის მიმართ". 

როგორც სტატიის ავტორი წერს, გასულ კვირაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აზერბაიჯანს, თან გაიყოლა თავისივე უნიკალური ბრენდი – ანტირუსული რიტორიკა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაქო დღეს რუსეთის მხრიდან საფრთხის ისეთივე ობიექტია, როგორიც თბილისი იყო.

"ბაქოში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი იმავე სცენარს ამზადებს აზერბაიჯანისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოიყენა, როცა, როგორც მან თქვა, "რუსეთმა ოლიგარქები, რუსული კაპიტალი, შანტაჟები და პროვოკაციები" გამოიყენა", - ციტირებს ჯოშუა კუცერა პრეზიდენტის კომენტარს.

კერძოდ, - წერს სტატიის ავტორი, - სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთში შექმნილი დიასპორა, რომელსაც აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი ხელმძღვანელობს, ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი, რომელმაც მილიარდები რუსეთში იშოვა და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, რომლის პლატფორმაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

"სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის მთავრობამ შეიწყალა ეთნიკური სომეხი აქტივისტი, რაც, მისივე განცხადებით, რუსეთის "საამებლად" მოხდა", - წერს ჯოშუა კუცერა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ტრადიციულად, აზერბაიჯანი ძალიან ფრთხილი იყო, რათა არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება. მაშინ, როცა ის ასევე გრძნობს საფრთხეს თავის სუვერენტეტთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან, საქართველოსგან განსხვავებით, მან არჩია უფრო მეტად მულტივექტორული გზა - რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებით, თურქეთთან, ევროპასთან, აშშ-თან, ისრაელთან ურთიერთობის მხარდამხარ. რუსეთმა კი, თავის მხრივ, არ გაატარა აგრესიული პოზიცია ბაქოს წინააღმდეგ, ის უფრო მეტად დაინტერესებულია სომხეთისა და აზერიბაჯანის ხელისუფლებას შორის რეგიონული ბალანსის შენარჩუნებით. ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ ოფიციალური პირები ბაქოში საჯაროდ იგნორირებენ სააკაშვილის კომენტარებს, როგორც ეს ოპოზიციურ საინფორმაციო სააგენტო Contact.az-ზეა აღნიშნული.

თუმცა, წერს ჯოშუა კუცერა, - ბაქოში თურქ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ალი ჰასანოვმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღისთვის, სადაო ტერიტორიისთვის, რომელსაც ორი ათეული წელია, სომხეთის ჯარები აკონტროლებენ, აზერბაიჯანი მხოლოდ სომხეთთან კი არა, რუსეთთანაც იბრძოლებს:

"პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის დებდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის პირობას და ეს საკითხი დღემდე დღის წესრიგში დგას. სამხედრო გზით პრობლემის გადაჭრის ვარიანტი ყოველთვის განხილება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება ამ სახის ოპერაცია. საჭიროა, უფრო გავძლიერდეთ, რათა თუ მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლაში ჩავებმებით, მზად ვიყოთ, რუსეთის ჯარებს წინ აღვუდგეთ, რადგან მათთან მოგვიწევს დაპირისპირება. ოკუპირებული აქვს თუ არა სომხეთს ტერიტორიები? თქვენ ფიქრობთ, რომ სომხეთს შესწევს ამის ძალა?" – კითხულობს ჰასანოვი.

თავისი მშობლიური ქალაქის გახსენებისას, - წერს სტატიის ავტორი, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ჰასანოვმა განაცხადა, რომ ოკუპაცია რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით განხორციელდა. "მე ვნახე ტანკიდან გადმოსული ჯარისკაცები, რომლებიც გამარჯვებას შამპანურით აღნიშნავდნენ", - აცხადებს ჰასანოვი.

ჯოშუა კუცერა წერს, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთის 21-წლის წინანდელი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთი მომავალ ომსაც მხარს დაუჭერს. თეორიულად კი, "კოლექტიური უსაფრთხეობის ხელშეკრულების ორგანიზაციაში" სომხეთის წევრობა რუსეთს ავალდებულებს დაეხმაროს სომხეთს, თუ ის თავდასხმის ობიექტი გახდება, თუმცა 1. თუ ომი მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში იქნება (რომელიც საერთაშორისო დონეზე კვლავ აზერბაიჯანის ტერიტორიადაა აღიარებული), ეს არ იქნება მთავარი ფაქტორი და 2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი სომხეთში გავრცელდება, რთული არ არის იმის წარმოდგენა რას იფიქრებს რუსეთი, რომ მას არ უღირს ომში ჩართვა.

"მაგრამ, თუ ჰასანოვი მართალს ამბობს და აზერბაიჯანი მართლა მიიჩნევს, რომ სჭირდება სამხედრო ძალების მობილიზება, რათა შეძლოს რუსეთთან დაპირისპირება, როდის ფიქრობს, რომ ეს ოდესმე მოხდება? თუ ეს საბაბია, გამოწვეული დროის გაწელვით ამდენი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის სამხედრო ძალების გაბერილი ქებით, რომ შესაძლოა, ხალხმა დაიწყოს დაინტერესება, რატომ არ გამოჰკრა ხელი სასხლეტს ამდენი ხნის განმავლობაში?" – წერს ჯოშუა კუცერა.