საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოზე განხილული იქნა ბრიტანულ-ინდური კონსორციუმის კომპანია „Trans Electrica“-ს ინფორმაცია „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ.
კომპანია „Trans Electrica“-ს მიერ პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო, ამ ეტაპისთის, პროექტის ფარგლებში ჩატარებული საკვლევ-სამეცნიერო, საპროექტო სამუშაოები და განხილულ იქნა ხუდონჰესის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიმოხილვა. წარმოდგენილ იქნა ახლახან დასრულებული გეოლოგიური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევების შედეგები, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ზოგიერთი ასპექტები.
ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობისა და მისი განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, ბრიტანულ-ინდური კომპანიის დირექტორთა საბჭომ თხოვნით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, რომ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ჩამოყალიბდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და კომპანიას შორის ხუდონჰესის პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია “ხუდონჰესის” პროექტის მიმდინარეობის შესახებ და განაცხადა თანხმობა, რომ გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და კომპანია "Trans Electrica"-ს შორის ჩატარებული კვლევების შედეგების ურთიერთგაცნობისა და შეჯერების მიზნით.