ბრიტანული გამოცემა The Independent აქვეყნებს შონ ვოკერის სტატიას საქართველოს პრეზიდენტზე სათაურით: "პრეზიდენტი, რომელმაც აეროპორტამდე თავად მართა მანქანა და მეუღლე, ვინც დაცვის მაგივრობას უწევდა".
როგორც ავტორი წერს, ქართველი ლიდერი მის ფუფუნებაზე ქილიკის პროტესტის ნიშნად, თავად გაუდგა გზას დაცვის გარეშე, რომელსაც ვერ ენდობა.
"არწივისთვალებიან ქართველებს, რომელთაც თბილისის გზაზე კვირის დასაწყისში საცობში გაჩერებული პატარა ელექტრომობილი "ნისანი" შენიშნეს, ეპატიებათ შენელებული რეაქცია. თუმცა, მისი მძღოლი ქალაქში გასვლას უფრო შეჯავშნული, შავმინებიანი ლიმუზინით არის მიჩვეული, ვიდრე პატარა ურბანული ტიპის "ჰეჩბექის" საჭესთან მოხრილი ჯდომას. პოლიტიკური უპირატესობის დასამტკიცებლად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავად მართავდა მანქანას, რომელიც, როგორც თვითონ აცხადებს, მისივე პირადი თანხით არის შეძენილი. ის ამ მანქანით მივიდა თბილისის აეროპორტში, საიდანაც მეზობელ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი წერს, საქართველო პოლიტიკურ გაურკვევლობაშია მას შემდეგ, რაც სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გასული წლის შემოდგომით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა ექსცენტრიული მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ოქტომბრამდე რჩება პრეზიდენტად და საკონსტიტუციო უფლებამოსილებას ინარჩუნებს, ივანიშვილის გუნდმა მას გადადგომისკენ და ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდა.
"ცოტა ხნის წინ პრეზიდენტს პარლამენტში საჯარო მიმართვით გამოსვლის ნება არ დართეს. მოგვიანებით, როცა ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეეცადა სიტყვით გამოსვლას, ამას შენობის გარეთ გამართული ხელჩართული ბრძოლა უძღოდა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა დაძაბულობის გაღვივებასა და არაკონსტრუქციულ საქციელში. ბატონმა სააკაშვილმა, რომელიც როგორც პრეზიდენტი სარეკლამო ტრიუკების მოყვარული იყო, როგორც ჩანს, "ნისანი" მისი სანახაობრივი ცხოვრების სტილის კრიტიკისგან თავდასაცავად გამოიყენა. ახალმა მთავრობამ ის მიუღებელ მფლანგველობაში დაადანაშაულა - თბილისის ცენტრში აგებულ სასახლეში ცხოვრებასა და ორი პრივატული ვერტმფრენის ყოლაში, რომელიც მან ოფიციალური ვიზიტებისთვის შეიძინა. ერთი ჩამოერთვა", - წერს შონ ვოკერი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა Youtube-ზე ატვირთა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ სხდებიან სააკაშვილი და მისი მეუღლე მანქანაში, სანამ თბილისის ქუჩებში დაცვის თანხლების გარეშე გავლენ და აეროპორტისკენ მიეშურებიან. შონ ვოკერი წერს, რომ მანამდე მიხეილ სააკაშვილი შეჯავშნული "მერსედესით" გადაადგილდებოდა და მას თანხლებას შეიარაღებული დაცვის სამსახურის რამდენიმე ჯიპი უწევდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მოყვა პრეზიდენტის მანქანა საცობში და როგორი მოთმინებით იყო გაჩერებულ შუქნიშნის წითელ შუქზე.
"ბატონი სააკაშვილი, რომელიც 2005 წელს თავდასხმის მცდელობის ობიექტი იყო, აცხადებს, რომ ახლა ის დაცვის გარეშე გადაადგილდება და ამბობს, რომ თუ რამე მოხდება, მას თავისი მეუღლე იცავს. მისივე განცხადებით, უკანასკნელი თვე დაცვის გარეშე გაატარა, რამდენადაც არ შეუძლია ენდოს დაცვის სამსახურს მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მის ხელმძღვანელად თავისივე დაცვის წევრი დანიშნა", - ნათქვამია The Independent-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.