გამოცემა The Parliament აქვეყნებს მარტინ ბენკსის წერილს, სათაურით "ქართველი პარლამენტარი იმედიანად უყურებს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას".
როგორც სტატიის ავტორი წერს, ქართველი პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან უკეთესი ურთიერთობა მისი თანამემამულეებისთვის ევროპაში მოგზაურობას გაამარტივებს.
ავტორის ინფორმაციით, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის თაობაზე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინათინ ხიდაშელმა ბრიუსელში ყოფნისას მას შემდეგ ისაუბრა, რაც ევროკავშრის კომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალმსტრომმა თბილისში ვიზიტისას ვიზების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
როგორც მარტინ ბენკსი აღნიშნავს, ევროკომისარმა ქვეყანას მოუწოდა, მოახდინოს პროგრესი მონაცემთა უსაფრთხოების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საკითხებში, გატარდეს ზომები დისკრიმინაციის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თუ საქართველო შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნებს, - წერს სტატიის ავტორი, - როგორიცაა ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში საქმიან ვიზიტს, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისიდან ვიზების გარეშე განახორციელებენ.
მარტინ ბენკსის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტისას ხიდაშელმა განაცხადა: "ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ საკითხს, რადგან არ არსებობს არც ერთი პუნქტი, რომელიც რთულად შესასრულები იქნება ან ქვეყნის შიგნით რაიმე პრობლემებს შექმნის. ეს იქნება ახალი ფაზა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში".
როგორც ავტორი წერს, პროგრესი შეიმჩნევა ამ კავკასიურ ერში, რომელიც უკვე ორი ათწლეულია, საბჭოთა რესპუბლიკიდან ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნას ცდილობს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ძალაუფლების კონსტიტუციურად გადაბარების პირველი ჩვენება იყო, თუმცა ქვეყანა რთული კოჰაბიტაციის წინაშე დგას.
"ამ ეტაპზე პარლამენტი და პრეზიდენტი ქვეყნის მმართველობის ძირითად სისტემაზე დავობენ. კერძოდ, სააკაშვილს სურს შეინარჩუნოს პრეზიდენტის ძალაუფლება და დანიშნოს მთავარობა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე", - ნათქვამია ბენკსის სტატიაში.
როგორც მარტინ ბენკსი აღნიშნავს, ხიდაშელი აცხადებს, რომ ახლა, როცა სააკაშვილი ვეღარ აკონტროლებს პარლამენტს, შესაძლოა, მან ეს უფლება გამოიყენოს ოქტომერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეწოლისთვის.
"უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ან სულაც ივლისში, სააკაშვილი ათავისუფლებს მთავრობას და მინისტრებად თავის ძველ თანამებრძოლებს ნიშნავს, ოტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად", - აცხადებს ქართველი პარლამენტარი.
"რა მოხდება საქართველოში? სააკაშვილი გამუდმებით აცხადებს, რომ არ აპირებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას. თუმცა, თუ არ აპირებ, მაშ რატომ ინახავ ჯიბეში ბომბს?", - ციტრებს სტატიის ავტორი თინა ხიდეშელის კომენტარს.
როგორც მარტინ ბენკსი აღნიშნავს, არჩევნებიდან გასულმა თვეებმა უკვე აჩვენა უთანხმოება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.
"თებერვლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის დეპუტატებმა პარლამენტში დაგეგმილი სააკაშვილის ტრადიციული გამოსვლა გადადეს. ნოემბერში, ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის სააკაშვილის მთავრობის ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალი წაუყენეს," - წერს სტატიის ავტორი.
ბენკსი აღნიშნავს, რომ ამან ამერიკელ მაღალჩინოსნებს უბიძგა, გაეფრთხილებინა ქართული მხარე, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს შესაძლოა, საფრთხე შეექმნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსებისთვის.
როგორც ხიდაშელი აცხადებს, - წერს მარტინ ბენკსი, - ხელისუფლება ყველაზე მეტად, პირველ რიგში, სწორედ ამ საქმეებში სიცხადის შეტანით არის დაინტერესებული. "როცა ასეთი ბრალდებები არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია სრულად წარმოვაჩინოთ შექმნილი სურათი, რათა არავინ შევიყვანოთ შეცდომაში", - განუცხადა ჟურნალისტებს ბრიუსელში ყოფნისას თინა ხიდაშელმა.
სტატიის ავტორი წერს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის მთავრობა საქართველოსთვის ევროპული სტილის კონსტიტუციას ამზადებს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მარტში დაიწყებს და ზაფხულში წარადგენს პროექტს. შემოდგომით კი, სავარაუდოდ, მას პარლამენტი განიხილავს.
"ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივიწევთ. მთავარი პრინციპი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ძალაუფლების დაბალანსებაა და აგრეთვე სასამართლოს დამოუკიდებლობაა", - ციტირებს სტატიის ავტორი ქართველი პარლამენტარის განცხადებას.
როგორც მარტინ ბენკსი აღნიშნავს, ივანიშვილის მმართველობის ქვეშ გაუმჯობესდა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები. ქვეყნის ურთიერთობა მის უდიდეს მეზობელ რუსეთთან დაძაბული იყო წინა ხელისუფლების დროს, 2006 წლიდან მოყოლებული კი რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების გაყიდვა აიკრძალა. თუმცა, ბოლო ხანს რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოში სანიტარულ ინსპექტორებს მიავლენს, რაც იმპორტის აღდგენას ემსახურება.
როგორც ავტორი წერს, ევროკავშირი იმედოვნებს, საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებები პოლიტიკურ და სავაჭრო საკითხებზე დაასრულოს ნოემბერში, როცა ვილნიუსში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გაიმართება.
"ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შესრულებულა. ახლა, რა თქმა უნდა, პარლამენტში ვაპირებთ მის სწრაფად შესრულებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამის მსგავსად, კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც სწრაფად უნდა შესრულდეს და სწრაფად უნდა დასრულდეს" - აცხადებს ხიდაშელი.