საერთაშორისო გამოცემა European Voice აქვეყნებს ინგლისელი ჟურნალისტის, ედვარდ ლუკასის სტატიას ვილნიუსის მომავალი სამიტის შესახებ , სათაურით "მშრალი სამიტი – ნოემბერში გასამართ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს საშინელი წვეულების თვისებები აქვს".
"ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ნაწილი ვილნიუსში გავატარე. სტუმრები არასწორად იყვნენ შერჩეული, ზოგიერთი მათგანი კი სულაც არ მოვიდა სადილზე. საუბარი ცივი და არაბუნებრივი იყო. შვედი ელჩის მიერ მოტანილმა შესანიშნავმა ღვინომ საღამო თითქოს ცოტა გამოაცოცხლა, თუმცა საბოლოოდ ყველა მოღუშული სახით დაიშალა", - წერს ედვარდ ლუკასი.
"ვშიშობ, ნოემბერის ბოლოს ვილნიუსში გასამართი აღმოსავლეთ პატრნიორობის სამიტი 20 წლის წინ გამართულ იმ კოშმარულ სადილს დაემსგავსება. სამიტის მთავარი მომენტი ლიტვის ევროკავშირის თავმჯდომარეობა იქნება. თუმცა, სიტუაცია უფრო არასახარბიელოა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
როგორც ინგლისელი ჟურნალისტი წერს, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზანი პოლიტიკური ასოციაციის დაჩქარება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებაა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან, პრინციპით "მეტი მეტისთვის": რაც უფრო მეტს გააკეთებს ექვსი ქვეყანა, მით უფრო მეტს მიიღებს.
"ერთი პრობლემა ის არის, რომ ამ ექვს ქვეყანას არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ. ზოგიერთი ევროპელობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ რუსეთთან საერთო არაფერი აქვს. უკრაინა ოდნავ შეურაცხყოფილია პატარა ქვეყნებს შორის მოხვედრით. პროევროპული საქართველო და მოლდოვა კი ავტოკრატულ ქვეყნებს შორის მოხვედრის გამო წუხან", - ნათქვამია ლუკასის სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ამბის ყველაზე ცუდი მხარე "ცოტა უფრო ცოტასთვის" პრინციპია. ბელარუსი ევროკავშირს თავის საქმეებში ჩარევის მუქარად განიხილავს. რთულია იმის გაგება, თუ რა პირობების შემთხვევაში გამოჩნდება სამიტზე პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ან რისი მაჩვენებელი იქნება მისი მთავრობის წევრების გამოჩენა. ბელარუსის პირობა – პატივი სცენ ადამანათა უფლებებსა და სხვა საკითხებს, რომელიც ევროპას აინტერესებს, იმ ქაღალდის ფასადაც კი არ ღირს, რომელზეც ის წერია.
უკრაინის არაკომპეტენტურ და მოღალატე ხელისუფლებას ევროკავშირთან მეგობრობის სურვილი აქვს, - წერს სტატიის ავტორი, - თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური ლიდერების ჩაკეტილობაში ყოფნასა და კრემლის "საბაჟო კავშირთან" ფლირტაობას გააგრძელებს, თავის ენერგოსექტორს კი გაჩანაგებულსა და კორუფციულს დატოვებს. თუმცა, უკრაინა პირობას დებს, რომ მაისისთვის ამ სიტუაციას გამოასწორებს.
"სომხეთს ნაკლებად სჭირდება მეგობრები. თუმცა, დაძაბული ურთიერთობა აქვს ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანთან. ბაქოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დარღვევის რეკორდსმენია (ბელარუსზე უარესი). ამიტომ ამერიკას აზერბაიჯანი ირანზე ჯაშუშობის ბაზად სჭირდება, დასავლეთს კი მისი ნავთობი და გაზი უნდა, ამიტომაც არავინ წუწუნებს ბევრს. ეს მნიშვნელოვანწილად უთხრის ძირს დასავლეთისადმი ნდობას, როცა ის სხვა ქვეყნების ხელისუფლების სიბინძურეზე (პირუტყვობაზე) ჩივის", - აღნიშნავს ედვარდ ლუკასი.
როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი წერს, საქართველოსა და მოლდოვაში კი ნამდვილი არჩევნები იმართება, სადაც ხელისუფლებაში მყოფები მართლაც მარცხდებიან. ნოემბრისთვის, საქართველოში პოლიტიკური უთანხმოება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის მეტოქე, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის შესაძლოა, უკვე მოგვარებული იყოს. ან სულაც ქვეყანაში არეულობა იყოს. მოლდოვამ, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთადერთმა წარმატებულმა ნაწილმა, სულ ახლახან განიცადა სამთავრობო კოლაფსი.
"უსაფუძვლოა იმის მოლოდინი, რომ სტუმრები ბევრად შეიცვლებიან, ამიტომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" ქვეყნების ხალხის დასჯა მათი ხელისუფლების ცოდვების გამო. ვიზის ლიბერალიზაციასა და თავისუფალ ვაჭრობას უდიდესი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს და ანგრევს ავტოკრატულ რეჟიმს", - მიიჩნევს ავტორი.
"ევროკავშირს სჭირდება, აჩვენოს (არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის), რომ ის წარმატებული, გახსნილი და საიმედოა. მან უკვე გაზარდა თავისი ავტორიტეტი ბაზარზე "გაზპრომის" ბინძური თამაშის შეწყვეტით. ანგელა მერკელმა გერმანიის იმიჯი შეცვალა რუსეთისთვის შეწინააღმდეგებითა და მოლდოვასა და სერბეთთან მუშაობით. საფრანგეთმაც კი შეარბილა პოზიცია თურქების ევროკავშირში შესვლასთან მიმართებაში. თუმცა, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, შვედები დახვეწილ ღვინოს მიიტანენ, მასპინძლები კი შეძლებენ მათი განწყობის შენარჩუნებას", - ნათქვამია European Voice-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.