ამერიკული გამოცემა Global Post საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაცვაზე უარის გადაწყვეტილებას აშუქებს და აქვეყნებს ”ფრანც პრესის” მასალას სათაურით - "საქართველოს პრეზიდენტმა დაცვა პრემიერ-მინისტრთან უთანხმოების ნიადაგზე მოიშორა".
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უჩვეულო ჟესტით თქვა უარი დაცვის სამსახურზე, რაც მის მთავარ ოპონენტთან, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებით იყო გამოწვეული.
"სააკაშვილმა მთლიანად თქვა უარი დაცვის სამსახურით სარგებლობაზე", - ციტირებს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებას სააგენტო "ფრანს პრესი".
"სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა თავისი პირადი დაცვის უფროსი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად დანიშნა, რათა უხელმძღვანელოს სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკების უსაფრთხოებაზე, მათ შორის პრეზიდენტის, რამაც ეს უკანასკნელი აიძულა, უარი ეთქვა საკუთარ დაცვაზე", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სააგენტო წერს, ამ ამბიდან მეორე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დატოვა სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლე მხოლოდ პირველი ლედის სანდრა რულოვსის თანხლებით და აეროპორტისკენ გაეშურა, საიდანაც ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა. როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, სააკაშვილი თავად მართავდა მანქანას 20 კილომეტრის მანძილზე.
"თუმცა, მანამდე საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ავტომობილების კორტეჟითა და დაცვის თანხმებით გადაადგილდებოდა. თუმცა, ივანიშვილმა ის დაცვის გადაჭარბებული რაოდენობისა და ძვირადღირებულობის გამო გააკრიტიკა", - ნათქვამია სტატიაში.
ქვეყნის ლიდერებს შორის, - წერს ამერიკული გამოცემა, - ურთიერთობა გასული ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიძაბა, როცა პრეზიდენტის "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა ივანიშვილის კოალიციასთან. პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტს შეუზღუდავს უფლებამოსილებას – პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს მინისტრთა კაბინეტი. ივანიშვილმა "ფეისბუქის" თავის ოფიციალურ გვერდზე ასევე გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც სააკაშვილს მოუწოდებს რამდენიმე დღეში დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, - ნათქვამია წერილში, - სააკაშვილმა ცვლილებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ივანიშვილს ყოფილი მაღალიჩინოსნების წინააღმდეგ დევნის შეწყვეტა მოსთხოვა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სააკაშვილის მთავრობის რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს და სამი თვის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ათასობით მხარდამჭერი დაიკითხა დარღვევების ბრალდებით, რასაც ევროპელი დიპლომატების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნის თაობაზე. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით შეცვალა მოთხოვნა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის მატების გამო.
"ყოფილი საბჭოთა კავშირის 4,5-მილიონიან ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დასავლეთმა ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარების მაგალითად მიიჩნია.
თუმცა, ზოგიერთი შიშობს საქართველოს "უკრაინიზაციას" და პარალელებს ავლებს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშჩენკოსა და მისი მოკავშირეების გასამართლებასა და დაკავებებთან", - ნათქვამია მასალაში.