სოფლის მეურენობის მინისტრი რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებებს პასუხობს.
მისი შეფასებით, ეს იყო უპასუხისმგებლო განცხადება, რომელმაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ასობით ათასი მოქალაქე დააზარალოს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჩამოსულია და ინსპექტირებას ახორციელებს რუსეთის სანიტარული სამსახურის სამუშაო ჯგუფი 6 კაციანი შემადგენლობით. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რომელსაც რიგ შემთხვევებში ქართული მხარეც მიმართავს. ასეთ ვითარებაში ინსპექტირების ჯგუფის წევრების შეურაცხყოფა სულ ცოტა უპასუხისმგებლო საქციელია“, - აღნიშნა დავით კირვალიძემ და ყველას მოლაპარაკებების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
დღეს არსებული ინფორმაციით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 80 კომპანიასა და რამდენიმე ქართული მინერალური წყლის კომპანიას წარდგენილი აქვს განაცხადი რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანის შესახებ. შემდგომ ეტაპზე იგეგმება მოლაპარაკებების წარმოება ხილ-ბოსტნეულისა სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით.
„ჩვენმა ხელისუფლებამ პირველი პოზიტიური ნაბიჯები გადადგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღსადგანად. ეს პროცესი ქართულ პროდუქციას შანსს აძლევს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და საინტერესო ბაზარს დაუბრუნდეს. სამწუხაროა, რომ სწორედ ამ დროს კეთდება გაცხადება, რომელიც პირველ რიგში ჩვენს გლეხებს და მეწარმეებს დააზარალებს. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არც ერთი ქართული კომპანია არ აპირებს თავისი პროდუქცია მთლიანად რუსულ ბაზარზე მიმართოს, უარი თქვას უკვე ათვისებულ რომელიმე სხვა ბაზარზე ან შეწყვიტოს გაყიდვის ახალი არეალების მოძიება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დავით კირვალიძის თქმით, წინა ხელისუფლებისთვს სოფლის მეურნეობა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი პრიორიტეტი იყო, რაც რეალური ქმედებებით არ დასტურდებოდა. „ჩვენ დღეს დაწყებული გვაქვს უპრეცედენტო და მრავალკომპონენტიანი პროგრამა დარგის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც უახლოეს მომავალში ჩვენი გლეხების ცხოვრებაზე აისახება.სამწუხაროა, რომ მათ, ვინც თავიანთი განცხადებებით ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენი მეწარმეებისთვის დაკეტილიყო, დღეს კვალავ დაბრკოლებებს უქმნიან ამ პროცესის პოზიტიურ მიმდინარეობას“, - აცხადებს დავით კირვალიძე.