გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, სახელმწიფო დაცვაზე უარის თქმის შესახებ და განვმარტოთ, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა გამოეყოს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური და გადავიდეს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში. მან უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების (მეუღლის, ორი შვილისა და დედის), აგრეთვე, პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული რეზიდენციებისა და ობიექტების დაცვა, განახორციელოს ამ კანონით მინიჭებული უფლებები და შეასრულოს ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობები. პრეზიდენტის განკარგულებაში რჩება: ესკორტის ორი ეკიპაჟი სრული შემადგენლობით, მათ შორის ბრონირებული VIP მანქანები, ოთხი ექიმი რეანიმატოლოგი, კვების ოთხი ექიმი, ოპერატიული და ოპერატიულ–ტექნიკური სამსახური, სვლა–გეზის სამსახური, ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური განისაზღვრა 350 კაცით და 7მილიონიანი ბიუჯეტით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იტოვებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს პრეზიდენტის დაცვის სამსახურს, მის დაქვემდებარებაში არსებული რეზერვებით.
ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს ის ფაქტი, თითქოს პრეზიდენტის დაცვას ჩამოერთვა იარაღი და იმყოფება შეიარაღების გარეშე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამჟამად ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფას და სამსახური იღებს ვალდებულებას განახორციელოს პრეზიდენტის დაცვა, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბებამდე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი უარს იტყვის სპეციალურ დაცვაზე, მისი დაცვის ვალდებულება ავტომატურად ეკისრება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.
საქართველოს პრეზიდენტი კანონით უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით. ამჟამათ, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მისი უსაფრთხოება ნებისმიერ შემთხვევაში. ასევე საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურებს კანონით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების განხორციელებაში.