"საქართველოს მთავრობა სააკაშვილის ძალაუფლებას ზღუდავს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Der Standard .
როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება, რის შედეგადაც პრეზიდენტის ძალაუფლება შეიკვეცება.
გამოცემა თინა ხიდაშელის განცხადებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ შეუზღუდავი ძალაუფლება გააჩნია, რომლის მსგავსი მხოლოდ თურქმენეთში შეიძლება იყოს მისაღები, საქართველოში კი - არა.
"2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ახლა შეუძლია ერთი ხელის მოსმით, პარლამენტის თანხმობის გარეშე დაითხოვოს მთავრობა, რაც, ბრიუსელში მყოფი დეპუტატების აზრით, ყოველგვარ აზრს უკარგავს ხელისუფლების განაწილების პრინციპს. ბომბი, რომელიც ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს - აი, რა როლი შეიძლება შეასრულოს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებამ მასსა და პრემიერს შორის ამჟამინდელ ძალთა ბალანსში. პრაქტიკულად, სააკაშვილს შეუძლია, დაითხოვოს მილიარდერ ივანიშვილის ახალი მთავრობა და ძველი აღადგინოს, რაც, უდავოა, ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს - გააფრთხილა ხიდაშელმა თავისი კოლეგები ევროპარლამენტიდან", - წერს Der Standard.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ივანიშვილმა პრეზიდენტს წერილობითი ფორმით აცნობა, რომ მარტში პარლამენტი კენჭს უყრის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს.
"მარტი დახუნძლული იქნება პოლიტიკური მოვლენებით, რადგან ამ თვეში ასევე იგეგმება მასშტაბური შეხვედრა კონსტიტუციის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის განსახილველად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო პარტიები, არასამთავრობოები და საერთაშორისო ექსპერტები", - აღნიშნავს გამოცემა.
როგორც თინათინ ხიდაშელი აცხადებს, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მიიწევს, მაგრამ აუცილებელია კონსენსუსიც.
"უნდა მივაღწიოთ ბალანსს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ასევე გარანტირებული უნდა იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა", - მოჰყავს გამოცემას ხიდაშელის ციტატა.