თვითმმართველობისა და რეგიონების თავისუფალი ინსტიტუტის განცხადება

თვითმმართველობისა და რეგიონების თავისუფალი ინსტიტუტის განცხადება

თვითმმართველობისა და რეგიონების თავისუფალი ინსტიტუტი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა, აერთიანებს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარებით  დაინტერესებულ პროფესიონალებს.

ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქვეყანაში დღეს არსებული ცენტრალიზებული, დარგობრივი მმართველობის სისტემის ტერიტორიულ, დეცენტრალიზებულ მმართველობად ტრანსფორმირების პროცესის სამოქალაქო მხარდაჭერა და შესაბამისი რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობა.

ინსტიტუტს ჩამოყალიბებული აქვს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკუთარი ხედვა, რაც ამ სფეროში ინსტიტუტის წევრების საქმიანობის მრვალწლიან პროფესიულ გამოცდილებას ემყარება. ინსტიტუტის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფში, რომელიც მმართველობის სისტემის რეფომირების კონცეფციაზე მუშაობდა და მათი პროფესიული ხედვა გარკვეულწილად ასახული იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო, ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ახალი მთავრობის საპროგრამო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას.

მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაცია და დეკონცენტრაცია ქვეყნის მუნიციპალური და რეგიონული განვითარების უმთავრესი საწინდარია. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი მთავრობის წარმატება მმართველობის სისტემის რეფორმის სწორედ დაგეგმვასა და განხორციელებაზეა არსებითად დამოკიდებული.

მთავობამ ამ მიმართულებით უკვე გააკეთა პოლიტიკის განაცხადი, 21 თებერვალს მოიწონა რა საქართველოსმთავრობისდეცენტრალიზაციისადათვითმმართველობისგანვითარებისსტრატეგიისძირითადიპრინციპები 2013-2014 წლებისთვის.

ინსტიტუტი მიესალმება და მხარს უჭერს მთავრობის მიზანს - მოახდინოს მმართველობის სისტემის ძირეული რეფორმირება და ამ მიმართულებით ჩამოაყალიბოს  საკუთარი სტრატეგია. ასევე, ინსტიტუტი მხარს დაუჭერს მთავრობის ძალისხმევას, რომ სწორედ მოქალაქეთა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით იქნეს გამომუშავებული საჯარო პოლიტიკა, განსაკუთრებით კი მმართველობის ახალი სისტემის ჩამოაყალიბების მიმართულებით.

ამასთან, აცნობიერებს რა საკუთარ პროფესიულ პასუხისმგებლობას ქართველი საზოგადოების წინაშე. მთავრობის მიერ მოწონებული „სტრატეგიის ძირითად პრინციპებთან“ დაკავშირებით ინსტიტუტი უფლებამოსილია განაცხადოს:

1. მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმის ქვაკუთხედია არა „ტერიტორიული ოპტიმიზაცია“, როგორც ეს არის წარმოდგენილი განაცხადში, არამედ არსებულ მმართველობით დონეებსა და შესაბამისად, სახელმწიფოსა და დღეს არსებულ მის თვითმმართველ ტერიტორიულ ერთეულებს შორის გამგებლობის სფეროების გამიჯვნა, მმართველობით უფლებამოსილებათა და საჯარო რესურსების სახელმწიფოსაგან თვითმმართველ ერთეულებზე გადაცემა. დეცენტრალიზაციის სტრატეგიამ, პასუხი უნდა გასცეს მთავარ შეკითხვას:  კონკრეტულად რა უფლებამოსილებებსა და რა რესურსებს მიიღებენ თვითმმართველი ერთეულები. სამწუხაროდ, შემოთავაზებულ სტარტეგიაში ამ კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია.

2. შემაშფოთებელია, რომ პოლიტიკის ეს განაცხადი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გადის. ისე, რომ ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შეზღუდვაზე, რომელიც კრძალავს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენამედე ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობის განსაზღვრას, მთავრობა სათანადო მკაფიო დასაბუთების გარეშე გეგმავს ე.წ. სამხარეო დაყოფის  და  შესაბამისად, მმართველობის სისტემაში ახალი რგოლის შემოღებას, რაც საკონსტიტუციო პროცესში მიღწეული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე, სრულიად მიუღებელია.

3. პოლიტიკის ეს განაცხადი მოიცავს 2013-2014 წწ. და ამ კრიტიკულად მოკლე პერიოდში დოკუმენტით დაანონსებულია რადიკალური ტერიტორიული “რეფორმა“. მკაფიო დასაბუთების გარეშე განზრახულია მუნიციპალიტეტების დაშლა, სრულიად ახალი  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღება, თანაც ისე, რომ ახალი თვითმმართველი ერთეულების შექმნის კრიტერიუმები ჯერაც არ არის ცნობილი. ასეთმა მოქმედებამ შედეგად მმართველობის დეცენტრალიზაციის ნაცვლად, ისედაც რთულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, შესაძლოა მართვის სისტემის საშიში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

4. ვერაფრით დავეთანხმებით იმ საშიშ პრინციპსაც, რომ ახალი ადმინისტრაციული დაყოფის კრიტერიუმებიცა და ახალ თვითმმართველ ერთეულთა ნუსხაც  მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა საპირისპიროდ, არა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, არა საკანონმდებლო ხელისუფლებამ, არამედ მხოლოდ მთავრობამ უნდა  დაამტკიცოს.

მიგვაჩნია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში, ტერიტორიული ცვლილებების ნაცვლად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება სახელმწიფოსა და არსებულ თვითმმართველ ერთეულებს შორის უფლებამოსილებებისა და რესურსების იმგვარი გადანაწილების შესახებ, რაც მდგრად ადგილობრივ და რეგიონულ განვითარებას უზრუნველყოფს.

ინსტიტუტი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ასეთი ეფექტიანი პოლიტიკისა და შესაბამისი კანონპროექტების შემუშავებაში.

არა - დაუსაბუთებელ ტერიტორიულ დანაწევრებას!

დიახ - მმართველობის სისტემის რეფორმას ადგილობრივი დემოკრატიისა და მდგრადი მუნიციპალური და რეგიონული განვითარებისათვის!

ინსტიტუტის გამგეობა:

მიხეილ ჯიბუტი

ალექსანდრე სვანიშვილი

დავით ბასიაშვილი

დავით ზარდიაშვილი