პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, "საპარლამენტო უმცირესობის ნაწილის შედარებითი სიჩუმე იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილ-უგულავასეული ხაზი ყველასთვის მისაღები არ არის".
ამის შესახებ საყვარელიძემ "პირWელს" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტისადმი მიმართული წერილის იმ ნაწილის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ივანიშვილი სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის ხედავს სულ უფრო მზარდ უფსკრულს, რომელიც ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს.
"პრემიერის წერილიდან აღნიშნული ფრაგმენტი საკმაოდ საინტერესოა. "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი, სავარაუდოა, რომ უფრო ზომიერ პოზიციას იკავებს, ვიდრე – დანარჩენები და ჩუმად არის. მათ არ უნდათ, რომ პოლიტიკიდან წაშლილები იყვნენ და სურთ, მინიმუმ, საპარლამენტო ვადებში დაასრულონ პოლიტიკური მოღვაწეობა. ასეთი პოლიტიკოსები კი უმცირესობაში ცოტანი არ არიან. მაგალითად, დავით ბაქრაძე, რომელიც თავის განცხადებებში ყოველთვის ზომიერია; ასევე მიხეილ მაჭავარიანი, რომელსაც ძალიან თუ არ დაავალა გუნდმა შედარებით ჩუმადაა; თუ დააკვირდით, ბოლო პერიოდში ნუგზარ წიკლაურიც ჩუმი გახდა. ეს სიჩუმე კი მიანიშნებს იმაზე, რომ ყველასთვის მისაღები არაა სააკაშვილ-უგულავასეული ხაზი, რომლებიც დგანან იმ რისკის ქვეშ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში, შესაძლოა, მათ მიერვე აშენებულ შენობებში – ციხეებში აღმოჩნდნენ. ამდენად, არც ისე კარგი პერსპექტივის მქონე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობენ, გუნდი გააფართოვონ და რაც შეიძლება, მეტი ადამიანი ჩაითრიონ, რომ მართლმსაჯულების აღსრულება გართულდეს", - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ "ასეთი "ნაციონალები" გუნდის შედარებით სუფთა წარსულის მქონე წევრებს ითრევენ და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრების შანსს აკარგვინებენ".
"პირWელის" კითხვაზე: "რამდენად შესაძლებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამ ფრთას ახალი ლიდერი გამოუჩნდეს და ვინ შეიძლება ის იყოს", პოლიტოლოგმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კატეგორიულად გამორიცხა.
"მერაბიშვილი ამისთვის ვერ გამოდგება, სულ თეთრი ფრთებიც რომ ამოუვიდეს. შეიძლება, ვისაუბროთ დავით ბაქრაძეზე, მაგრამ ის მეტისმეტად გაწონასწორებული პოლიტიკოსია, რომ ასეთი მკვეთრი მოძრაობა გააკეთოს. ასევე, შესაძლოა, განვიხილოთ სერგო რატიანის კანდიდატურაც, რომელიც უფრო აქტიურია, თუმცა არის ერთი სირთულეც, რომლის დაძლევაზეც პრეზიდენტისადმი მიმართულ წერილში პრემიერი საუბრობს. კერძოდ, ის რომ "ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი, ხოლო ხალხი თავის ხელისუფლებაზეა პასუხისმგებელი". ამდენად, ის შიში, რომ საზოგადოებაში ისინი არა - მოღალატეებად, არამედ კონსტრუქციულ ძალად გამოჩნდნენ, მნიშვნელოვანია და როცა ეს შიში მოიხსნება და საზოგადოება იტყვის, რომ იყვნენ "ნაციონალებიც", მაგრამ არა ის სახეები, რაზეც უარყოფითი განწყობააო, მერე უფრო შესაძლებელია, რომ ეს გაუბედავი ხალხიც გაბედული გახდეს. საზოგადოების მხარდაჭერა მათ ძალიან სჭირდებათ, ვინაიდან, როცა შიგნით დაუპირისპირდებიან, საჭიროა, გარეთ – ხალხის შიში არ ჰქონდეთ", - აღნიშნა საყვარელიძემ.
რაც შეეხება პრემიერის წერილის კიდევ ერთ მონაკვეთს, რომლის მიხედვით, ის პრეზიდენტს 2-3 დღეს აძლევს, რათა ცალსახად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პოლიტოლოგის აზრით, პრემიერის განაცხადში მუქარა არის, ოღონდ – ხალხის დამოკიდებულების თვალსაზრისით.
"პრემიერის აღნიშნული მოწოდება ულტიმატუმად არ აღმიქვია, რადგან ულტიმატუმი მაშინაა, როცა ერთი მხარე ეუბნება მეორეს, რომ თუ ამას არ იზამ, მე გიზამო. მის განაცხადში არის მუქარა, ოღონდ ხალხის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით", - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ და არ გამორიცხა, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო ცვლილებებს უცებ მხარიც დაუჭიროს.
"ნაციონალებმა" კი განაცხადეს, რომ პრემიერი ულტიმატუმის ენით გვესაუბრებაო, მაგრამ იქვე დაამატეს, რომ რა საჭიროა ულტიმატუმები, როცა ყველაფერზე შეიძლება, საუბარიო. ამდენად, შეიძლება, ერთდღიანი კონსულტაციის შემდეგ დაიძახონ: "ევრიკა – კონსტუტუციური ცვლილებები რა კარგი რამე ყოფილაო", - განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს ღია წერილით მიმართა.
"ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილია და ამიტომ არ მოგმართავთ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელთანაც რაიმე დამრჩა გასარკვევი. თქვენს პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის ვხედავ სულ უფრო მზარდ უფსკრულს, რომელიც სრული მარგინალიზაციისკენ მიაქანებს ამ გუნდის ღირებულ წევრებსაც კი და ამიტომ მოგმართავთ. კიდევ იმიტომ მოგმართავთ, რომ არ ვთვლი ქვეყნისთვის სასურველ მოვლენად თქვენს გუნდთან ერთად განვლილი 9 წლის სრულ დისკრედიტაციას. ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი, ხოლო ხალხი თავის ხელისუფლებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ვცდილობ, ყველაფერს და ყველას არ გადაესვას ხაზი, ყველაფერს და ყველას არ მოეცხოს ლაქა, მათ შორის, ქართველი ხალხის თავმოყვარეობას და ღირსებას. ამიტომ მინდა, რომ როგორმე ღირსეული გამოსავალი ვიპოვოთ, ზედმეტი დანაკარგების გარეშე გავუმკლავდეთ წარსულს და მთელი ენერგია მომავალს მოვახმაროთ. ამიტომ ვწვალობ ამდენს და ვცდილობ დაგანახოთ გამოსავალი, რომელიც გახსნიდა გზას ყველა სხვა პრობლემის ცივილიზებულად მოგვარებისკენ. ამიტომ შემოგთავაზეთ დეკემბრის ბოლოს ისეთი საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელზე დათანხმებაც თქვენთვის ყველაზე მარტივი იყო (შეგეძლოთ "პიარქულებიც" კი იქით ჩაგეწერათ). საპარლამენტო უმრავლესობამაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თქვენი პარლამენტში გამოსვლის გადავადება - არ გვინდოდა ის დღე გამხდარიყო წყალგამყოფი. ამიტომ წამოვედით მოლაპარაკებებზეც და ინიციატივის ხელში აღებაც კი შემოგთავაზეთ კონსტიტუციის 2010 წლის მოდელის ნაწილობრივ ამოქმედების ფორმულით. ამიტომ ვთანხმდებოდი ამნისტიის ისეთ ვარიანტსაც კი, რომლის ახსნა ძალიან გამიჭირდებოდა საზოგადოებისთვის. მაგრამ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ცივილიზებულ, სათანამშრომლო ვითარებაში არ გადასულიყო პროცესი. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - თქვენს გუნდს თქვენ გარშემო მხოლოდ თქვენ მიერვე გაზვიადებული საფრთხის განცდით აკავებთ და აშანტაჟებთ. თქვენი ამოცანაა, თქვენი გუნდის ცალკეული წევრების დანაშაულზე მთელ გუნდს ააღებინოთ პასუხისმგებლობა და ამით "შეადუღაბოთ" თქვენი რიგები, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ - ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას. მე კარგად მესმის, რასაც ვამბობ. საკითხი ამგვარად მმართველი კოალიციის შიგნითაც კი არასოდეს დამიყენებია და არ გამომიცხადებია ე.წ. სავალდებულო კენჭისყრა, მაგრამ ახლა საქმე რომელიმე "საკითხს" არ ეხება. კონსტიტუციური ცვლილებები ეპოქალურ თემას დაუკავშირდა: წინ – მომავლისკენ, თუ უკან – წარსულისკენ. ამიტომ ვერ მივიღებ ვერანაირ "კი, მაგრამ"-ს და "დღეს არა, ხვალს". რა ელით მათ, ვინც წარსულს აირჩევს? განსაკუთრებული არაფერი, გარდა საზოგადოების სათანადო შეფასებისა. რა ელით მათ, ვინც მომავალს აირჩევს? ასევე განსაკუთრებული არაფერი, გარდა საზოგადოების სათანადო დაფასებისა. პირადად მე, სანამ პოლიტიკაში ვარ, მაქსიმალურად შევიკავებ თავს საკუთარი შეფასებებისგან, მაგრამ როდესაც კვლავ საზოგადოების რიგითი წევრი გავხდები (არცთუ შორეულ მომავალში), ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ საზოგადოებას არც ვინმეს შეფასება გადაავიწყდეს და არც დაფასება. რაც შეეხება კანონს, იგი ყველასთვის კანონად დარჩება: თქვენგან განთავისუფლებული სასამართლო უდანაშაულოს თავისუფლების გარანტიას მისცემს, ხოლო დამნაშავეს - სასჯელის. პირადად თქვენც გთავაზობთ ბოლო წინადადებას. უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ", - ნათქვამია მიმართვაში.