ამერიკული სააგენტო "ესოშიეთიდ პრესი" აქვეყნებს დეზმონ ბატლერის მასალას, სათაურით - "საქართველოს იუსტიციის მინისტრი ცდილობს, აშშ-ი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დევნის მართებულობაში დაარწმუნოს".
როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ცდილობს, აშშ-ის ხელმძღვანელობის დარწმუნებას, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.
"თეა წულუკიანი ამ კვირის განმავლობაში ვაშინგტონში, აშშ-ის მაღალჩინოსნებს შეხვდება ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოთქმული შეშფოთების საფუძველზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავარობა მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს. ივანიშვილის კოალიციამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. აშშ-ის ხელისუფლება შიშობს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას შესაძლოა, დასავლური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა მოჰყვეს ქვეყანაში, რომელიც აქამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამომავალი დემოკრატიის ნათელი წერტილი იყო", - აღნიშნავს დეზმონ ბატლერი.
როგორც "ესოშიეთიდ პრესის" სტატიის ავტორი წერს, ოთხშაბათს მიცემულ ინტერვიუში, წულუკიანი აცხადებს, რომ მის სამინისტროში შესულია ათასობით საჩივარი საააკშვილის პარტიის წევრების წინააღმდეგ, მათ შორის თანამდებობის პირთა მხრიდან წამების, კერძო ქონების უკანონო ჩამორთმევასა და კორუფციაზე. თუმცა, როგორც წულუკიანი აცხადებს, - წერს დეზმონ ბატლერი, - მინისტრი დარწმუნებულია საჩივართა უმრავლესობის ლეგიტიმურობაში. ხელისუფლების მხრიდან სიფრთხილის გამოჩენის დამტკიცების მიზნით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დაწყებულია მხოლოდ 30-მდე სასამართლო დევნა. "ჩვენ მოვაგროვეთ სამხილები. ახლა მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, ეს ხალხი დამნაშავეა თუ არა", - განაცხადა წულუკიანმა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ სამთავრობო დაკავებებმა, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, აშშ-სა და ევროპის შეშფოთება გამოიწვია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილი ამომრჩეველს დაპირდა სააკაშვილის მოკავშირეთა გასამართლებას და ახლა ამომრჩევლის მხრიდან ზეწოლას განიცდის ამ დაპირების შესრულების საკითხში. ივანიშვილი სააკაშვილთან საკონსტიტუციო რეფორმების თაობაზე იბრძვის, რომელიც საზიარო ხელისუფლების არაკომფორტულ გარემოში მიმდინარეობს. სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში ეწურება.
სტატიის ავტორი წერს, რომ ობამას ადმინისტრაციისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ პოლიტიკურმა დევნამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს მისწრაფებებს დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხში.
"ბევრი სამწუხარო და შემაძრწუნებელი ამბავი გამომჟღავნდა. სწორედ ამისთვის ვარ აქ: ზუსტი ინფორმაციის მოსაწოდებლად", - აცხადებს წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, - წერს ბატლერი, - მისი მთავრობა გეგმავს ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას, რომელიც ხელისუფლების ყოფილ წევრებს სასამართლო დევნისგან გაათავისუფლებს, გარდა სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევებისა. ის აპირებს გააცნოს აშშ-ის ხელისუფლებას სასამართლო რეფორმები, რომლის გატარებასაც გეგმავს და რომელიც, როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს მოსამართლეებსა და სისხლის სამართლის ადვოკატებს.
"გასულ წლამდე, წულუკიანი სტრასბურგში, ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს უფროსი ადვოკატი გახლდათ, რომელიც საქართველოს საქმეებზე მუშაობდა. მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნება მას იქ ნანახმა ზოგიერთმა საჩივარმა უბიძგა", - წერს დეზმონდ ბატლერი.
"თუ საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა არ გვექნება, თუ საქართველოში ადამიანის უფლებებს არ დავიცავთ, ჩვენ არ გვექნება იმის სამართლიანად თქმის უფლება, რომ ნატო-სა და ევროკავშირისკენ მივიწევთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.