სოფელ ბაზალეთის დაბინძურება შეწყვიტეს

სოფელ ბაზალეთის დაბინძურება შეწყვიტეს

ხარაგაულელების აქტიურობას ამ ეტაპზე დადებითი შედეგი მოჰყვა - სოფელ ბაზალეთში გამართულ დაახლოებით 50-კაციანი საპროტესტო აქციის შემდეგ გადაწყდა, რომ რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის პარალელურად, მშენებლობის ნარჩენებს სოფელ ბაზალეთში აღარ დაყრიან.

დღეს გამართული აქციის შედეგის შესახებ for.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაციის “სხივი“ თავმჯდომარემ იზა ვეფხვაძემ აცნობა, რომელიც აქციაში ბაზალეთელებთან ერთად მონაწილეობდა.

“არასამთავრობო ორგანიზაციისა და მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კერძოდ, სოფლის ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრა შეწყდა და ბაზალეთში დაზიანებული გზების შეკეთება დაიწყო. დაგვპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დაყრილი ნარჩენებისგან სოფლის გარკვეულ ტერიტორიებსა და ხევებს გაწმენდენ. დღევანდელი აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერა გვქონდა. აქციის გასაშუქებლად ტელეკომპანია “მაესტროსა“ და “მეცხრე არხის“ ჟურნალისტებიც იყვნენ მოსულები, - ამბობს იზა ვეფხვაძე.

მისივე განმარტებით, ზემოხსენებული ანალოგიური პრობლემები აწუხებთ ხარაგაულის რაიონის სხვა სოფლებსაც, მაგალითად, ზვარესა და მიმდებარე სოფლებს.

იზა ვეფხვაძის თქმით, საპროტესტო აქციები ხარაგაულის რაიონის სხვა სოფლებშიც გაიმართება, თუ უახლოეს პერიოდში სოფლებს რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის პარალელურად, უკანონოდ დაყრილი ნარჩენებისგან არ გაწმენდენ გარკვეულ ტერიტორიებსა და მდინარეთა კალაპოტებს.

“საბედნიეროდ, მშენებლობა ჯერჯერობით შეჩერებულია, იმ მონაკვეთზე, რომელიც ზვარეს უნიკალურ წყალს საფრთხეს უქმნის. ვიმედოვნებთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო თავის სათქმელს იტყვის და ეს პრობლემა მოგვარდება, სანამ ჯერ კიდევ დროა“, - გვითხრა იზა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ რომ 19 თებერვალს for.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - “ხარაგაულის სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა“. სტატიაში ის მდგომარეობა იყო აღწერილი, რომელიც ხარაგაულის რაიონის გარკვეულ სოფლებს რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის გამო შეექმნათ. ამ სტატიას გუშინვე გამოეხმაურნენ გარემოს დაცვის სამინისტროდან, საიდანაც შევიტყვეთ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის ქმედებები გარემოს დაცვის სამინისტრომ სასამართლოში გაასაჩივრა და უახლოეს პერიოდში სასამართლოს დამატებით დოკუმენტაციას მიაწვდიან, რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობით გამოწვეული ზიანის კუთხით .

ჩვენი ვებგვერდის სიახლეების ნუსხაში, გარემოს დაცვის სამინისტროს გამოხმაურება გუშინვე გამოვაქვეყნეთ, სათაურით - “გარემოს დაცვის სამინისტრომ რკინიგზის დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლა“.