სქემა რომლითაც საქალაქო სტრუქტურა გიგი უგულავამ ნაცმოძრაობის ბიუჯეტად აქცია

სქემა რომლითაც საქალაქო სტრუქტურა გიგი უგულავამ ნაცმოძრაობის ბიუჯეტად აქცია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისი"-ს თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილი იმ სქემაზე საუბრობს, "რომლითაც, საქალაქო სტრუქტურა გიგი უგულავამ "ნაცმოძრაობის" ბიუჯეტად აქცია". 

როგორც გიორგი მუსხელიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილი "თბილქალაქგანათების" და მის ბაზაზე არსებული "სინათლის ქალაქის" სამსახური ის ერთ-ერთი სტრუქტურაა, რომელიც ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" თარგს მოარგო, მონოპოლისტ კომპანიად აქცია და პარტიული აქტივის დასაფინანსებლად გამოიყენა. 
"სქემა, რომლითაც საქალაქო სტრუქტურა გიგი უგულავამ "ნაცმოძრაობის" ბიუჯეტად აქცია, შემდეგნაირად გამოიყურება: გიგი უგულავამ ,,თბილქალაქგანათების" მიმართ უკანონო საქმიანობა 2010 წლის შემოდგომიდან, მიზანმიმართულად გააქტიურა, გაანადგურა რა შპს ,,თბილქალაქგანათება", როგორც იურიდიული პირი, წაართვა ქალაქგანათებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო მექანიზმები და სხვა ქონება, გამოაცხადა შპს–ს ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც სხვათაშორის დღემდე მიმდინარეობს, აკრძალა ტენდერებში ამ კომპანიის მონაწილეობა და მის საფუძველზე სახელდახელოდ დააფუძნა ახალი მუნიციპალური საწარმო – შპს ,,სინათლის ქალაქი", რომელიც მაღალანაზღაურებადი ზონდერებით და პარტიული აქტივისტებით, შემდგომში კი ყოფილი პარლამენტარებითა და მათი ოჯახის წევრებით დააკომპლექტა.

,,თბილქალაქგანათებიდან" (კომპანიის ლიკვიდაცია დღემდე მიმდინარეობს) ფაქტობრივად გამოძალვისა და უკანონოდ მიღებული მოძრავი ტექნიკისა და ქონების ხარჯზე წარმოქმნილი შპს ,,სინათლის ქალაქი" გიგი უგულავამ პირდაპირ მონოპილისტად აქცია ამ სფეროში. დაარსების დღიდან პირადად მერმა და მის მიერ დანიშნულმა სატენდერო კომისიამ 2011–2013 წლებში ჩატარებულ ათეულობით მილიონიან ტენდერებში მისთვის პირადად მერის დამსახურებით კანონსაწინააღმდეგოდ გადაცემული ქონებრივი უპირატესობობის ხარჯზე უპირატესობა 20–დან 19 შემთხვევაში მიაკუთვნა სწორედ შპს ,,სინათლის ქალაქს". ხოლო ყველა სხვა სამეწარმეო ერთეულს შეგნებულად აეკრძალა "თბილქალაქგანათების" ექსპლუატაციის მომსახურებისა და ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ტენდერებში მინაწილეობა, ვინაიდან შპს ,,სინათლის ქალაქი"–სგან განსხვავებით ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას ჰქონოდათ დედაქალაქის მერისგან ნაბოძები ძვირადღირებული ამწე–კოშკურები, ყველგანმავალი და სხვა ძვირადღირებული ტექნიკა. 

2013 წელს გამოცხადებულ განათების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება და ელექტრო ბოძების მონტაჟის - 19 211 000 ლარიანი ტენდერის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტენდერი პროცედურული კანონდარღვევით გამოცხადდა, პირდაპირ მონოპოლიური აღმოჩნდა სატენდერო პირობებიც. სატენდერო კომისიამ კანონდარღვევით ერთგვაროვან ობიექტებად გააერთიანა განათების ინფრასტრუქტურის ექსპლოატაცია, ტექნიკური მომსახურება და ელექტრობოძებისა და სანათების მონტაჟი და ამით ტენდერში გამარჯვებისაკენ გზა გაუხსნა კონკურენტის გარეშე მონაწილე მის მიერ 100% დაფუძნებულ შპს "სინათლის ქალაქს". 

ამ ტენდერების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში 2012 წელს ერთადერთი ასეთი ტენდერი არა მერიის დაფუძნებულმა კომპანიამ მოიგო და ნაკლები ტარიფებით ბიუჯეტს 36 603 ლარის თანხა დაუზოგა. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტს აღნიშნულ მომსახურებაზე ქალაქის მთავრობა ყოველწლიურად ზრდის. 
აღნიშნული ქმედებები სამწუხაროდ ქალაქის მთავრობისა და უშუალოდ გიგი უგულავას მხრიდან დღემდე გრძელდება",-Nნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მუსხელიშვილი მიმართავს თბილისის საკრებულოს წევრებს, მათ შორის მის უმრავლესობას – "ნაციონალური მოძრაობას", სასწრაფოდ დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით. ის ასევე კანონდამცველ ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.