WorldNetDaily - საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიექანება

WorldNetDaily - საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიექანება

ამერიკული ვებგვერდი WorldNetDaily (WND) აქვეყნებს პენტაგონის ყოფილი ანალიტიკოსის, მაიკლ მელოფის სტატიას სათაურით - "აშშ სტრატეგიულ დემოკრატიულ მოკავშირეს კარგავს?". სტატიის ქვესათაურია – "საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიექანება". 

როგორც მაიკლ მელოფი წერს, საქართველო, ქვეყანა კავკასიაში, სტრატეგიული დემოკრატიული მოკავშირე იყო აშშ-სთვის, რომელმაც ბოლო წლებში ამ ქვეყანაში ასობით მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა. თუმცა, ახლა მთელი ის ინვესტიცია, დრო და ძალისხმევა შესაძლოა, ვაშინგტონის ნაცვლად, მოსკოვისკენ გაემართოს.

"ეს იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, გაატაროს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო პოლიტიკა. სააკაშვილის პარტია ცოტა ხნის წინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ახლა ივანიშვილი - მილიარდერი, რომელმაც ქონება რუსეთში იშოვა, იმ კურსის გატარებას აპირებს, რომელიც უფრო მეტად ხსნილია რუსეთისთვის",-აღნიშნავს ავტორი.

სააკაშვილის ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, - წერს WND-ის ავტორი, - ისეთ დაძაბულობაში გადაიზარდა, რომ მოსკოვმა საქართველოდან იმპორტი შეწყვიტა და სააკაშვილს `ტერორისტის- იარლიყი მიაკერა იმ ქმედებისთვის, რამაც 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა გამოიწვია. შედეგი სავალალო იყო საქართველოსთვის, რომელმაც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი დაკარგა – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ახლა რუსეთს ორივე რეგიონი ოკუპირებული აქვს და ორივეგან საკუთარი სამხედროები ჰყავს გამაგრებული.
როგორც სტატიის ავტორი წერს, არჩევნებიდან მალე, ახალ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, თუმცა ვერც ერთი შეხვედრა ვერ შედგა.

აშშ-ს ჯერაც სურს, საქართველომ გააგრძელოს დასავლეთისკენ მიმართული კურსი, რადგან კავკასიის ამ პატარა ქვეყანას კვლავაც განიხილავს სტრატეგიულად და იმ ქვეყანად, რომელშიც აშშ-მა ასობით მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა, რათა დაერწმუნებინა იქაური ლიდერები, პოლიტიკური ხედვა დასავლეთისკენ ჰქონოდათ მიმართული. რაც ასევე გულისხმობს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების ჯერაც წარუმატებელ ძალისხმევას.

საქართველო, - წერს მაიკლ მელოფი, - ასევე სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანაა კავკასშია – ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებს ესაზღვრება. სომხეთ-აზერბაიჯანის დაუსრულებელი კონფლიქტის გამო, საქართველო აკავშირებს აზერბაიჯანს მის მოკავშირე თურქეთთანაც. 4-მილიონიანი ქვეყანა ასევე ქმნის დერეფანს რუსეთსა და მის უახლოეს მოკავშირე სომხეთს შორის, სადაც სამხედრო ბაზები დგას, რომელსაც რუსეთი აფართოებს. ეს მოსკოვს მეტ სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს კასპიის ზღვაში და რუსეთის ჯარებს აყენებს პოზიციაში, ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში, გადავიდნენ ირანის მხარეს.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, საქართველომ ჯარები მიავლინა ერაყსა და ავღანეთში და მათ იქ დატოვებას გეგმავდა მას შემდეგაც, რაც 2014 წლის ბოლოსკენ აშშ და ნატო იქიდან თავის ჯარებს გამოიყვანდა.

თუმცა, ივანიშვილის მმართველობისას, არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს არაოფორმალური მოლაპარაკებები, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, იგივე დსთ-ში ხელახლა გაწევრიანების შესახებ.