დიმიტრი ლორთქიფანიძე სოზარ სუბარს გლდანის ციხიდან არასრულწლოვანთა გადაყვანას სთხოვს

დიმიტრი ლორთქიფანიძე სოზარ სუბარს გლდანის ციხიდან არასრულწლოვანთა გადაყვანას სთხოვს

სახალხო დამცველის მრჩეველთა საბჭოს წევრი, დიმირტი ლორთქიფანიძე პრობაციის, სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების მინისტრს განცხადებით მიმართავს, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ცნობილია, რომ გლდანის № 8 დაწესებულწებაში მოთავსებული იყო 11 არასრულწლოვანი, ავჭალის აღმზრდელობით დაწესებულებაში მომხდარი ბუნტის ფაქტზე გამოძიების გამო. ეს ბავშვები უკვე გამართლდნენ ამ ბრალდებაში, სამართალწარმოება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეწყვეტილია, მაგრამ  ბავშვები კვლავ გლდანის № 8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმყოფებიან, რომელიც არ არის გათვალისწინებული არასრულწლოვანებისთვის.

დღეს დამიკავშირდა ამ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი მოზარდი, თორნიკე შარაშენიძე, რომელმაც მთხოვა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის გადამეცა, რომ ეს ბავშვები დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ავჭალის აღმზრდელობით დაწესებულებაში, სადაც უკვე გადაყვანილნი არიან ის მოზარდები, რომლებიც არსებული სარემონტო სამუშაოების გამო დროებით რუსთავის №17 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

მინდა, რომ ეს თხოვნა თქვენი გამოცემის მეშვეობით მივაწოდო სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ შესრულდეს ამ არასრულწლოვანთა მოთხოვნა, რადგან იგი ემყარება კანონის მოთხოვნებს.

„პატიმრობის შესახებ“ კანონის თანახმად, მოზარდის ადგილსამყოფელი ვერ იქნება სასჯელაღსრულების ის დაწესებულება, სადაც განთავსებულნი არიან მოზრდილი პატიმრები, ამიტომ ისინი სასრაფოდ უნდა გადაიყვანონ ამ დაწესებულებიდან“,- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.