"აშშ-სთვის ივანიშვილ-სააკაშვილს შორის დაპირისპირება უმნიშვნელოა"

რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის ექსპერტი მაქსიმ მინაევი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მნიშვნელოვანად არ შეიცვლება და ამ კონტექსტში, აშშ-სთვის სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

"ამერიკულ-ქართული ურთიერთობების კონტექსტში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ამერიკელები ითვალისწინებენ ქართულ საზოგადოებაში განწყობის ცვლილებას და მათ ესმით, რომ ამ სიტუაციაში სააკაშვილზე ფსონის გაკეთება არცთუ წარმატებული იქნება. ამ კონტექსტში, გამარჯვებული ოპოზიცია უფრო კონსტრუქციულ პარტნიორს წარმოადგენს და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც რიგმა ამერიკულმა სტრუქტურებმა, მათ შორის "დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა" მხარი სწორედ კოალიციას დაუჭირეს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელები საკმაოდ ფხიზლად მივიდნენ საქართელოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსამდე. მათ ფსონი ერთდროულად ორ მოთამაშეზე გააკეთეს", - აღნიშნავს მინაევი.

მისივე თქმით, ამერიკელებისთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ წარიმართება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება და ამიტომ "ის ეკონომიკური და ტექნიკური დახმარებები, რომელსაც საქართველოს ვაშინგტონი აღმოუჩნედა, მომავალშიც გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება სააკაშვილის პოლიტიკური ბედი".

"საქართველო, რომელმაც შეინარჩუნა ევროკავშირისკენ მიმართული ორიენტაცია, ვალდებული იქნება ვაშინგტონის მოსაზრებები გაითვალისწინოს. ამიტომაც, სააკაშვილის წასვლის შემდეგ, ივანიშვილისა და "ქართული ოცნებისგან" განწყობის მნიშვნელოვან ცვლილებას არ უნდა ველოდოთ", - აღნიშნავს ექსპერტი.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, მინაევის განცხადებით, საქართველო "უკრაინულ მოდელზე" გადასვლას შეეცდება, ანუ ის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე იმუშავებს, თუმცა ამის მიუხედავად დასავლეთისკენ მიმართულ კურსს შეინარჩუნებს.

"რუსეთთან ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვხედავთ, რომ დაიწყო ეკონომიკური თანამშრომლობა. ქართული პროდუქცია მალე რუსულ ბაზარზე გამოჩნდება. ივანიშვილი ვექტორის შეცვლისა და მოსკოვთან კონსტრუქციული დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი. ივანიშვილს ნამდვილად არ სურს მოსკოვით შემოფარგვლა. მას სურს აწარმოოს დიალოგი რამდენიმე პარტნიორთან, მითუმეტს თუ გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რაც სააკაშვილმა დატოვა – ეს არის მჭიდრო კავშირები ვაშინგტონთან, რომელიც კონკრეტულ, ხშირად სამხედრო-ტექნიკური ხასიათის დახმარებას ახორციელებს", - მიიჩნევს რუსი ექსპერტი.