შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრომ ეროვნულ ბიბლიოთეკათან მომხდარი ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო და კანონის ფარგლებში პასუხს აგებენ როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ძალადობა ჩაიდინა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე მინდა, სპეციალური განცხადება გავაკეთო დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, როგორც ჩვენი მომხრეების, ასევე ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან, ამიტომ მსურს, დეტალურად განვმარტო რა და როგორ მოხდა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ სიტყვით გამოსულიყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკლებლივ ყველა ქვედანაყოფი, კერძოდ, საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველო დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო, როგორც პრეზიდენტის, ისე მოქალაქეების უსაფრთხოება. საპარლამენტო უმცირესობისთვის ცნობილი იყო, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებას აპირებდნენ უკანასკნელ პერიოდში გათავისუფლებული პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წვერები, ახლობლები, ასევე 26 მაისისა და 7 ნოემბრის დროს დაზარალებული მოქალაქეები, შესაბამისად, მოსალოდნელი ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ მაქსიმალურად შემჭიდროებულ დროში შენობაში ორი ალტერნატიული შესასვლელი გააკეთა, გაკეთდა ორი კორიდორი, რათა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში უსაფრთხოდ შესულიყო პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შეთავაზების მიუხედავად, რომ მათ ალტერნატიული შესასვლელით ესარგებლათ, მივიღეთ საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ცენტრალური შესასვლელით ისარგებლებდა. ამის თაობაზე, მინდა, განვმარტო, რომ მე გიგა ბოკერიას ვესაუბრე და იმედი მაქვს, რომ იგი ამას არ უარყოფს და არ დაამახინჯებს. ამის შემდეგ, რასაც ახლა მოგახსენებთ, ვიდეო-კადრებში კარგად ჩანს და შეგვიძლია, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ. კარგად ჩანს, როგორ მივიდა შენობასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა, რამაც ხალხის პირველი მღელვარება გამოიწვია. პოლიციელების რჩევის მიუხედავად, რომ ის შენობაში დაუყოვნებლივ შესულიყო, ის მაინც გარეთ, აქციის მონაწილეებთან დარჩა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა აქციის მონაწილეები. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა ქალაქის მერი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობისა" და საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად. კადრებში ჩანს, რომ დედაქალქის მერი და მისი თანმხლები პირები, რომელთა შორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირებიც იყვნენ, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ როგორც პროფესიონალ პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც აგრესიული ყიჟინის თანხლებით, მიზანმიმართულად იქ შეკრებილ დემონსტრანტებთან ფიზიკურ კონტაქტზე წავიდნენ, რამაც როგორც მოსალოდნელი იყო, ისედაც გამწარებული ხალხის კიდევ უფრო გაღიზიანება გამოიწვია, მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რომლის დროსაც დაზიანდნენ სხვა პოლიტიკოსებიც. სიტუაციის ხელოვნურად გართულების შემდეგ, მე პირადად მივედი შენობასთან და მოვუწოდე აქციის მონაწილეებს დაშლილიყვნენ და სამართალდამცველებისთვის მიეცა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების საშუალება. ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. ჩვენთვის საგანგაშოა, როდესაც აღნიშნული კონფლიქტის გამოწვევას ადგილი ჰქონდა ქალაქის მერის გიგი უგულავას, "ნაციონალური მოძრაობისა" და საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. მსურს დაგიდასტუროთ, ჩვენ დავიწყეთ ინციდენტის გამოძიება და პირობას ვიძლევით, რომ კანონის ფარგლებში პასუხს აგებენ, როგორც პროვოკაციის ინიციატორები, ასევე ის ხალხი, ვინც ძალადობა ჩაიდინა. როგორც შს მინისტრი კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ და საფუძველშივე აღვკვეთავთ ყოველგვარი დესტაბილიზაციის ყოველგვარ მცდელობას. ჩვენ არავითარ ძალადობას არ დავუშვებთ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინსპირირებული – ჩვენი მომხრეებისა თუ მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან. არანაირი საფუძველი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევისა, არ არსებობს და საქართველოს პოლიცია საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი ყოველთვის იქნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.