"რია ნოვოსტი" - უკვე ასი დღეა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან ტერიტორიების დაბრუნებას ელოდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის 5 თებერვლის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით რუსულმა სააგენტო "რია ნოვოსტიმ" ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. 

სტატიის სათაურია "უკვე ასი დღეა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან ტერიტორიების დაბრუნებას ელოდება" და მისი ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი. როგორც სტატიის ავტორი წერს, ივანიშვილი პოლიტიკოსივით არ იქცევა, თუმცა 2013 წლიდან მას ჟანრის შეცვლა მოუწევს და სწორედ მაშინ დაინახავს საქართველო, მისი პრემიერი ჯადოქარია თუ უბრალოდ არც ისე კომპეტენტური დიპლომატი.

ავტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ვრცლად მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ პრემიერმა მოსახლეობას "სააკაშვილის შემოდგომამდე ატანა" ურჩია. ამავდროულად, როგორც ვადიმ დუბნოვი წერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მთავრობა და მისი ხელმძღვანელი პარლამენტში 8 თებერვალს დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას არ დაესწრებიან.

მიმომხილველი ბიძინა ივანიშვილის მიერ ფასების შემცირებასთან დაკავშირებულ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საწვავსა და წამლებზე ფასის შესამჩნევი კლება არავის შეუნიშნავს, ელექტროენერგიის გაიაფებული ტარიფი კი მხოლოდ იმათ ეხება, ვინც თვეში 300 კვტ/სთ-ს მოიხმარს.

"წინასაარჩევნო დაპირებების ფონზე – გაზის ტარიფის მინიმუმ განახევრების შესახებ, ტარიფის 10%-ით შემცირება კი საკუთარი ამომრჩევლისთვის მობოდიშებას ჰგავს.

თუმცა, როგორც ჩანს, ამომრჩეველთან მობოდიშება საჭირო არ არის და ხელისუფლება ამას ხვდება. დაპირებების მიცემისას, ბიძინა ივანიშვილი არაფრით რისკავდა და არც ახლა რისკავს რამით.
ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ისეთივე ამოუცნობ თეთრ ფურცლად დარჩეს, როგორიც ქართულ პოლიტიკაში თავისი უეცარი მატერიალიზაციისას იყო. მეტიც, თავის მოხსენებაში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყვეტს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურას. კანონით, პრემიერ-მინისტრს არ აქვს ორმაგი მოქალაქეობის უფლება, თუმცა, ივანიშვილმა ამ პროცედურის ინიცირება თავად მოახდინა, რომ ქვეყნის პრემიერი გამხდარიყო. ახლა კი, როგორც თავად განაცხადა, არ აქვს სურვილი, ყოფილი ხელისუფლების ახირებებს შეუწყოს ხელი", - წერს ავტორი.

მიმომხილველი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო განცხადებებს ხელისუფლებიდან ორ წელიწადში წასვლის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ პრემიერმა ეს გადაიფიქრა.
"სააკაშვილის დადანაშაულება ბევრ, მათ შორის სერიოზულ საკითხში შეიძლება, თუმცა არა - თუნდაც ფანატიკური პოზიციისა და სურვილის გადათქმაში. ის შეიძლებოდა არ გყვარებოდა, როგორც ამას ნახევარი საქართველო აკეთებდა, თუმცა თავდაპირველად ისიც შეპყრობილი იყო პრეზიდენტის დრაივით. ვერტიკალური პოლიტიკური მოდელისკენ მისწრაფება, პარლამენტის დემოკრატიისადმი გამოხატული საჯარო სიძულვილი და რწმენა, რეფორმები, რომელთა გატარება მის გარეშე შეიძლება - პრეზიდენტს ამ ბრალდებას ბევრი არ უყენებდა. ბევრს ამისკენ დაღლილობა, პატრიარქალურ კომფორტს შეჩვევა და უკმაყოფილება უბიძგებდა. ივანიშვილი კი არც ცდილობდა თავის პოლიტიკოსად წარმოჩენას. პირიქით, ეს მისი გამარჯვების სტილს ეწინააღმდეგებოდა.

პოლიტიკოსები საქართველოში ივანიშვილის მოსვლამდე იყვნენ, მათ ვერაფერი მოუხერხეს სააკაშვილს, ის კი მოვიდა ჯადოქარივით, რომელსაც სასწაულის მოხდენა აქვს განზრახული და არ სურს, დაეშვას პოლიტიკურ პატივმოყვარეობამდე. პოლიტიკოსი არასოდეს შეჰპირდებოდა ხალხს ორ წელიწადში წასვლას, თავისი განზრახვის გადაფიქრებამდე კი ათასჯერ დაფიქრდებოდა. ივანიშვილს კი ეს შეუძლია. ის პოლიტიკაზე მაღლა დგას, ეს კი საუკეთესო პოლიტიკური ნიშაა მათთვის, ვინც მისით არ ცდუნდება", - წერს ვადიმ დუბნოვი.

ავტორი სომხეთსა და აზერბაიჯანთან დაკავშირებულ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დასავლელ მეგობრებს ამის მიუხედავად არჩევანი მაინც ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის აქვთ და რადგან მესამე პირი არ არსებობს, იგი მაინც მოგებულია. მიმომხილველი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებასაც ეხმაურება და წერს, რომ ეს პრეზიდენტობაზე მის სურვილს მოჰყვა.

"ივანიშვილმა უკვე იცის, ვინც გახდება პრეზიდენტი და ეს არ არის ალასანია. ამიტომ ის აღარც ვიცე-პრემიერია. თუმცა, ამას სკანდალი არ მოჰყოლია, არც კარი გაუჯახუნებია ვინმეს. ალასანია, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, ნაწყენი არ არის. სამუშაო მომენტია. სავარაუდოდ, ოქტომბრამდე ივანიშვილს ამ სტილით მმართველობაში ხელს არავინ შეუშლის. ჯერაც წარმოუდგენელია, რა იხსნის ოქტომბრის საბოლოო კრახისგან სააკაშვილსა და მის გუნდს, რომლის რეიტინგიც უიმედოდ ვარდნას განაგრძობს. ოქტომბრიდან ივანიშვილს ჟანრის შეცვლა და პოლიტიკაში თავით გადაშვება მოუწევს თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, პოლიტიკით იმაზე მეტად ცდუნდეს, ვიდრე – ახლა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მან თავად განაცხადა, რომ მისი კოალიცია ერთიანობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. როგორც ქართული პრაქტიკა აჩვენებს, რღვევა გამარჯვებულთა ბანაკში ქართული ხელისუფლების მორიგი მარცხის დასაწყისია. სააკაშვილზე საბოლოო გამარჯვებამ, შესაძლოა, ამჟამინდელ ტრიუმფატორზე კარგი გავლენა ვერ ჰპოვოს. სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არჩევანის გაკეთების შიშისგან გათავისუფლების შემდეგ, საქართველომ შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ივანიშვილი სულაც არ არის ჯადოქარი და დიდი ვერაფერი პრემიერია, როცა ბენზინი, სავარაუდოდ, იმდენივე ეღირება, რადგან ბაზარი ასეა მოწყობილი", - წერს ავტორი და არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს 2 წელიწადში პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებული დანაპირების გახსენებაც დასჭირდეს.