აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ციტრუსის რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას გამოხმაურება.
როგორც ზაურ ფუტკარაძემ განმარტა, რეგიონში ციტრუსის მოსავალმა 55 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 30 ათას ტონამდე საზღვარგარეთ გაიგზავნა. მისივე თქმით, 500 ტონა მანდარინი რუსეთის ბაზარზე გაიყიდა.
"მთავრობამ მიიღო განკარგულება - დახმარების სახით, მოსახლეობას გამოყოფოდა თანხა და გადავწყვიტეთ, ერთ კილოგრამ მანდარინზე ეს თანხა ყოფილიყო 15 თეთრის ოდენობით. შესაბამისად, გაიზარდა ექსპორტი, გაიზარდა რეალიზაცია. ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით, ის არის, რომ ფასებმა საგრძნობლად აიწია. 70-80 თეთრი უკვე მიუღებელი გახდა მოსახლეობისთვის. დღესდღეობით, 2 ლარამდე მერყეობს ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი", - აღნიშნა ზაურ ფუტკარაძემ.
ფუტკარაძის თქმით, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოდან მეციტრუსეებს თანხა ეტაპობრივად, უახლოეს დღეებში ჩაერიცხებათ.
დღეს მიხეილ სააკაშვილი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ჯინჭარაძეების ცხრასულიან ოჯახს ესტუმრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტს გურამ ჯინჭარაძემ განუმარტა, მანდარინის რეალიზაცისთან დაკავშირებით პრობლემებია. მისივე თქმით, მოსავლის ნახევრის გადაყრა მოუწია, რადგან ვერ გაყიდა და 4 ტონა მანდარინიდან მხოლოდ ნაწილი ჩააბარა ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანას, საიდანაც ფული ჯერაც არ აუღია.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, მეციტრუსეების პრობლემით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დროულად უნდა დაინტერესებულიყო. მისივე თქმით, ოქტომბერში დანიშნული სოფლის მეურნეობის მინისტრი სამი თვის დაგვიანებით, იანვარში გაეცნო მეციტრუსეების პრობლემებს.