პარლამენტი მუშაობას 5 თებერვალს იწყებს

პარლამენტი მუშაობას 5 თებერვალს იწყებს

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრები საქმიანობას 5 თებერვალს ოფიციალურად შეუდგებიან.

საქმე იმაშია, რომ რეგლამენტის მიხედვით, თებერვლის პირველ სამშაბათს საგაზაფხულო სესია იხსნება, რომელიც ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირა მეტად დაძაბული იქნება, რადგან პარლამენტში რეგლამენტის პროცედურების მიხედვით, ქვეყნის პირველი პირი უნდა წარდგეს, რომელიც საკანონმდებლო როგანოს პარასკევს ესტუმრება და  ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ყოველწლიური მოხსენება უნდა გააკეთოს.

პრეზიდენტის სუმრობის გარდა, სესიის ფარგლებში, კანონმდებლებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის მიღება მოუწევთ, რომელთა შორის ორი საკონსტიტუციო წინადადებაა. კერძოდ, პარლამენტს, თებერვალში ის საკონსტიტუციო ცვლილებები დაუბრუნდება განსახილველად, რომელზეც ერთი თვის განმავლობაში საყოველთაო-სახალხო მსჯელობა მიმდინარეობდა, რომელიც დაპირისპირების ფონზე წარიმართებოდა.

ცვლილებებით კი, კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოდის, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის ადგილსამყოფელს. მეორე ცვლილებით კი, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

ამ საკითხების გარდა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტზე მსჯელობას მას შემდეგ განაახლებს, რაც ვენეციის კომისიას საკუთარ შენიშვნებს წარადგენს. სავარაუდოდ, ვენეციის კომისიის წინადადებები მარტში იქნება წარდგენილი, რის შემდეგაც ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყება, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე. ამასთან, ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. ამას გარდა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. ასევე პროექტით ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან. ამასთან, ცვლილებებით, უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭირვალეობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწდომობა. 

ამ წინადადებების გარდა, საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა იმ პირების საქმეებზეც იმსჯელონ, რომლებიც თვლიან, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მათ მიმართ პოლიტიკური ხასიათის დევნა მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე სხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირებასაც ფიქრობენ.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს დაიხურა, კანონმდებლებმა კი, საქმიანობა რიგგარშე ფორმატში გააგრძელეს. მერვე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას 21 ოქტომბერს შეუდგა და სესიის ფარგლებში, ქვეყნის 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 25 პირს პოლიტდევნილის.