საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანერგილი აგენტები „თავისუფალი დემოკრატებშიც“ იყვვნენ, ისევე, როგორც კოალიციაში შემავალ ნებისმიერ სხვა პარტიაში.
როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების რიგებში თავისი აგენტებისა და მსტოვრების ჩანერგვას ძალიან კარგად ახერხებდა, რაც დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა.
„ის პარტიები, რომელთაც რეგიონალური სტრუქტურები გაშლილი არ ჰქონდათ, ამ საფრთხის წინაშე არ იდგნენ, მაგრამ პარტია, რომელიც რეგიონებში აქტიურობდა და პარტიაში ბევრი ადამიანის შემოდინება ხდებოდა, ამ საფრთხის ქვეშ ნამდვილად იყვნენ. ამ ადამიანების გადამოწმება კი, საკმაოდ რთული საქმეა. მაშინ პარტიაში კონტრდაზვერვის განყოფილება უნდა გქონდეს და აწარმოო შემოწმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვხვდები, რა უნდა აკეთო - პარტიისს კონტდრდაზვერვით უნდა დაკავდე თუ პოლიტიკური საქმე აკეთო? დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პარტიებშიც ასეთი ხალხი იქნება და არ გამოვრიცხავ, რომ ესეთები „თავისუფალ დემოკრატებშიც“ იყვნენ“, - აცხადებს დეპუტატი.
ცაგარეიშვილის განცხადებით, პარტიამ მუშაობა დაიწყო და ყველა ადამიანი გადამოწმდება.
„შემოწმება მოხდება განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომელზეც დავით საგანელიძე საუბრობს. როცა, პარტიამ რაიონული ორგანიზაციების დაფუძნება დაიწყო, გავაფრთხილეთ ჩვენი თანაპარტიელები, რომ არანაირ ინციდენტში არანაირი ფორმით არ მიეღოთ მონაწილეობა, ვინც დავალება არ შეასრულა, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს და პარტიაში მისი მომავალი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - აცხადებს დეპუტატი.