როგორც მე, ასევე ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ საქართველოში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა გავლენისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ ჯანო ბუკიკიოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე, მხარეებმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრეს.
„თებერვლის პირველ კვირაში, ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. პირველი მოსაზრებები, რაც მოვისმინეთ იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ჩვენ, ასევე ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ საქართველოში ყველა გავლენისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა არსებობდეს, რასაც ჩვენი რეფორმა ითვალისწინებს“, - დასძენს მინისტრი.
მედიასთან განმარტება ჯანი ბუკიკიომაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რეფორმა კონსესუსის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
შეგახსენებთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე. ამასთან, ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. ამას გარდა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. ასევე პროექტით ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან. ამასთან, ცვლილებებით, უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭირვალეობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწდომობა.