ამ ეტაპზე, უცნობია - პრეზიდენტის პარლამენტში ანგარიშის წარდგენის ფარგლებში, გაიმართება თუ არა დებატები.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა რა ფორმატში გაგრძელება, ამ საკითხების დაზუსტება, მუშა პროცესში მიმდინარეობს.
„პრეზიდენტი პარლამენტში, რომ მოვა, ვადასტურებ, თუმცა, როდის წავა ამაზე ვერაფერს გეტყვით. ამის გამოცნობა შეუძლებელია. ალბათ, თავადაც ჯერ არ იცის. დანარჩენზე უმცირესობასთან კონსულტაციები მიდის და ამ თემაზე, მალე შეჯერებული პოზიცია იქნება. აქ არის ერთის მხრივ, პრეზიდენტის უფლება, მაგრამ პარლამენტსაც აქვს თავისი უფლებები. ასე, რომ პროცედურული თვალსაზისით, გაუგებრობები მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება შინაარსს, ამაზე ვნახოთ“, - დასძინა სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარდგეს.
პრეზიენტის პარლამენტში სტუმრობას, რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.
ამას გარდა, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც დეპუტატთა გამოსვლები იწყება და შეიძლება დებატებიც გაიმართოს. დებატების ფორმატს კი, დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეაჯერებენ.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, ანუ, 5 თებერვალს გაიხსნება.