ირაკლი ტრიპოლსკი საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს

ირაკლი ტრიპოლსკი საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ტრიპოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას,  ევროპის მაუწყებელთა ასოციაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს.

ირაკლი ტრიპლოსკის განცხადებას for.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. პირველ რიგში მსურს, დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, მისი პრინციპებისა და მუშაობის მიმართ. მოგმართავთ ერთი კონკრეტული რეზოლუციის გამო, რომელიც 24 იანვარს  საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო და, რომელიც ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. კერძოდ, რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, თითქოს ახალმა ხელისუფლებამ აიძულა საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობა, დაეტოვებინა თანამდებობა, რათა ჩვენ გავატაროთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნები. სინამდვილეში საქმე ის გახლავთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დაფინანსება ტელეკომპანია „პიკს“ შეუწყვიტა, რომლისგანაც რუსულენოვან გადაცემებს ყიდულობდა. შედეგად, ტელევიზიის თანამშრომლები უმუშევრები დარჩნენ და მათ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. თავად გენერალურმა დირქტორმა, გია ჭანტურიამ კი, ფინანსთა სამინისტროს  ვალების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით მიმართა. აღმოჩნდა, რომ ტელევიზიამ, რომელმაც გასულ წელს 31.8 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან,  11 მილიონი ლარის დავალიანების დაგროვება მოახერხა. ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინათ მიხეილ სააკაშვილმა, აწარმოებდა რა მის მიმართ ლოიალურად განწყობილი და ამავე დროს, მისი უახლოესი გარემოცვის პირდაპირ მფლობელობაში არსებული ტელევიზიების მიმართ პროტექციონისტულ პოლიტიკას, 36 მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწერა კერძო ტელეკომპანიებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. აქედან 9 მილიონი ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს, 25 მილიონი ლარი კი კერძო ტელეკომპანიებს „რუსთავი-2“ და „იმედი“. ამავე ხელისუფლებამ გაფრთხილების გარეშე და ვადების დარღვევით 2.15 ლარის დავალიანების გამო ინკასო დაადო კერძო ტელეკომპანია „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს.

მაქვს შეკითხვა - შეგიძლიათ თუ არა, დაგვისახელოთ ევროპის უახლესი ისტორიიდან სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რომელიმე სახელმწიფო მოხელის მხრიდან, რომელიც ძიებისა და პასუხისმგებლობის საფუძველი არ გახდებოდა? იცნობთ თუ არა, ისეთ ფაქტებს, როცა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები არ ინტერესდებიან არც ტელევიზიის თანამშრომლებისა და არც ბიუჯეტიდან გადარიცხული სახსრების ბედით იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებში არ დადონ ბრალი.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა და იზიარებს იმ ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების სფეროში შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში. 2000 წლის რვა მარტის რეკომენდაციაში, რომელიც ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის წყაროების დაცვას ეხება, წევრი სახელმწიფოების მიმართ მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე წყაროსთან სანდოობის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია. ამ რეკომენდაციის ფონზე გაუგებარია, როგორ ვერ მოხერხდა იმის გადამოწმება ამ უდიდესი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციის მიერ, რომ არავითარი საკანონდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტს არ მიუღია მაუწყებლის შესახებ კანონში. სინამდვილეში საქმე ეხება ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების მიერ პარლამენტში 28 დეკემბერს შემოტანილ საკანონმდებლო წინადადებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ თემაზე საჯარო დებატების გამართვის იდეას. დებატები კი ევროპული დემოკრატიისა და საჯაროობის ერთ-ერთი ფუნდამენტია და შეუძლებელია, იმ ორგანიზაციამ, რომელიც სწორედ ამ პრინციპზე დგას, ქართულ საზოგადოებას მისივე გადასახადებიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობის შესახებ საჯარო განხილვების მოწყობა აუკრძალოს. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაინტერესებული, პირდაპირ ეთერში გააშუქოს ეს დებატები.

ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტში, როგორიც ევროპის საბჭოა, ნორმალურად შეიძლება მიიჩნეოდეს თუ არა ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს დღემდე არჩევდა პრეზიდენტი სააკაშვილი და შემდეგ ფორმალური განხილვის შემდეგ ამტკიცებდა მისივე საპარლამენტო უმრავლესობა? ჰქონდა თუ არა შანსი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში? სწორედ ამის გამო ქართული საზოგადოება სრულიად საფუძვლიანად აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რაც იმ დროისთვის საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევდა და დღესაც იწვევს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ გააშუქა და სიუჟეტში აშკარად იყო დარღვეული ბალანსი, თუნდაც სინქრონების დროის თვალსაზრისით ხელისუფლების წარმომადგენელთა სასარგებლოდ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაქცევა რეალურად ხალხისათვის საინტერესო და საზოგადოებრივ მაუწყებლად, და ამ მიზნით ის აპირებდა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული მე-9-ე არხის ძვირადღირებული ტექნიკური საშუალებების გადაცემას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როდესაც მსგავსი პრეცენდენტი უკვე არსებობს და მან ერთხელ უკვე უსასყიდლოდ გადასცა მის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსულ მთავრობას, ვფიქრობ მისი განცხადება არასწორად იქნა აღქმული.

იმედი მაქვს, შეძლებთ, დაინახოთ მკაფიო სხვაობა საქართველოს წინა ხელისუფლების ქმედებებსა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ნაბიჯებს შორის. ვფიქრობ, საჭიროა, შეგახსენოთ, რომ ამ რეზოლუციის მიღების დროს თქვენ ეყრდნობოდით იმ პოლიტიკური ძალის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც მოსვლის შემდეგ დახურა ათეულობით გაზეთი და სატელევიზო გადაცემა, დააპატიმრა და მიისაკუთრა ტელეკომპანია „ევროპის“ ქონება, 2007 წლის 7 ნოემბერს იარაღით შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც წაართვა მესაკუთრეებს, 2011 წლის 26 მაისს ფიზიკურად გაუსწორდა ათეულობით ჟურნალისტს და ბოლოს - ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა უდანაშაულო ფოტორეპორტიორები. 2005 წელს კი მიაყენა პირდაპირი ფინანსური დარტყმა ბეჭდვით მედიას, თქვა რა უარი საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გაზეთების გამოწერაზე, სწორედ იმის გამო გადავდექი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2008 წელს, რომ არსებული კანონისა და შემადგენლობის პირობებში შეუძლებლად მიმაჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოების სამსახურში ჩაყენება. ჩემდა სამწუხაროდ საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის მიზეზით არ დაინტერესებულა არც ევროპის დამოუკიდებელ მაუწყებელთა ასოციაცია და არც სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია.

როგორც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ვგრძნობ ორმაგ პასუხისმგებლობას და არ შემიძლია არ გითხრათ შემდეგი: თუ ჩვენ არ გვსურს, გვქონდეს რეალურად არა საზოგადოებრივი, არამედ სახელმწიფო ტელევიზია, საშუალება უნდა მივცეთ როგორც მოქალაქეებს, ასევე მაუწყებლის თანამშრომლებს, გამოთქვან საკუთარი აზრი, როგორ ხედავენ მომავალს. ჩვენი თხოვნაა მოუსმინეთ მათ და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. ჩაერთეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების პროცესში, რათა ქართულმა საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ თქვენი მიზანი დემოკრატიის მხარდაჭერაა და არა - ერთი პოლიტიკური გუნდის, რომლის თავზე მოხვევასაც საქართველოს მოქალაქეებს ვეღარავინ აიძულებს. რეზოლუციების მიღებისას შეხვდით და მოუსმინეთ არა მხოლოდ ერთ მხარეს, არამედ როგორც პოლიტიკურ ძალებს, ასევე ამ სფეროს პროფესიონალებს. ეს თავიდან აგარიდებდათ იმ ფაქტობრივ შეცდომებს რეზოლუციის ტექსტში, რაც ასე უხერხული და სამწუხარო უნდა იყოს ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისათვის“, - ნათქვამია ტრიპოlსკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს ორი – 20-ე და 21-ე პუნქტები ეთმობა.