ჩვენ ყველანი გავფრინდებით და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადების 80 წლის იუბილე ასე მიულოცა.
მისივე თქმით, ქვეყანა ყველა იმის ჯინაზე გაფრინდება, ვისაც "ჩვენი დამიწება და ცხრაკლიტულში გამოკეტვა სურს".
"ელდარ შენგელაია არის სულით ახალგაზრდა, რადგან არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ახალს სწავლობს და ყველაფერ ახალს უყურებს კეთილი თვალით, ესეც არის გენიოსობის დამახასიათებელი თვისება. რა თქმა უნდა, ყველანი გავფრინდებით, აუცილებლად, ჩვენი ქვეყანაც გაფრინდება ყველა იმის ჯინაზე, ვისაც უნდა დაგვაკაოს, დაგვამიწოს, ცხრაკლიტულში მოგვათავსოს. ჩვენი მთავარი ნატვრა ახდება, ყველაზე გაბედული რაღაცები მოხდება და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა და, როგორც ჩვენ ყველას გვინდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, ელდარ შენგელაია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
"არ არსებობს საქართველოს სახელმწიფო იერარქიაში გენიოსობის ორდენი, რადგან გენიალური პიროვნებები გვყავდა ძალიან ცოტა, მაგრამ არსებობს ის, რაც ასევე შეესაბამება ელდარ შენგელაიას – ესაა ბრწყინვალების ორდენი და მე მინდა, ქართული სახელმწიფოს სახელით მას ეს ორდენი გადავცე", - აღნიშნა სააკაშვილმა.