სააკაშვილი: ვაჰაგნ ჩახალიანი პატიმრობიდან სომხეთის კათალიკოსის გარეგინ მეორის თხოვნით გაათავისუფლეს

სააკაშვილი: ვაჰაგნ ჩახალიანი პატიმრობიდან სომხეთის კათალიკოსის გარეგინ მეორის თხოვნით გაათავისუფლეს

საქართველოს ახალმა ხელისუფებამ ქართული სახელმწიფოს შიდა მტერი - ვაჰაგნ ჩახალიანი გაათავისუფლა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა, შეიარაღებული შეტაკებები და  სამოქალაქო ომი სურს.

ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც  საგანგებო განცახდება გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ვაჰაგნ ჩახალიანი პატიმრობიდან სომხეთის კათალიკოსის გარეგინ მეორის თხოვნით გაათავისუფლეს.

„პრემიერის განცხადება მოვისმინე, რომელიც არადამაკმაყოფილებელია, რადგან პრემიერი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ჩახალიანის გათავისუფლება ქართველ ერს მძიმედ დაუბრუნდება. ჩახალიანის ეთნიკურ წარმომავლობას ხაზს არ ვუსვამ,  რადგან ბევრი სომეხი საქართველოს დამოუკიდებლობას იარაღით ხელში იცავდა, რომლებიც საქართველოს პატრიოტები არიან. ის ადამიანი არის არა სომხეთის ინტერესების დამცველი, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი წარმომადგენელი საქართველოში, რომელმაც ახალქალაქში ეპარქია, ქართული უნივერსიტეტი,  გამგეობა და პოლიცია დაარბია. ქალაქში კი, ქართველი სამხედროების გადაადგილებას ეწინააღმდეგებოდა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს შიდა მტერი - ვაჰაგნ ჩახალიანი გაათავისუფლა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა, შეიარაღებული შეტაკებები და  სამოქალაქო ომი სურს. ახალმა ხელისუფლებამ ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნუ ავიწყდება პრემიერს, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და არა კონკრეტული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის შეფასებით, ჩახალიანი ვლადისლავ არძიმბას მსგავსი კრიმინალია და მისი ციხიდან 6 წლით ადრე გამოშვება ყოვლად დაუშვებელი იყო.

„პრემიერ-მინისტრი პირადად იყო ინფორმირებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და უშიშროების საბჭოსგან -  თუ ვინ არის ჩახალიანი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის.  მის გათავისუფლებაზე და შედეგებზე პასუხისმგებლობა პირადად პრემიერ-მინისტრს ეკისრება. ნუ ეცდება პრემიერი, რომ პარლამენტსა და ძალოვან უწყებებს გადააბრალოს რაიმე. მომიტოვოს ყველამ, მაგრამ ეს ნაკარნახევი იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი  ჯავახეთში თანამემამულეებს მიმართავს და მოუწოდებს -  არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

 შეგახსენებთ, რომ ჩახალიანი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.