საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის უფლებმოსილების ჩამორთმევასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი დავოსში გააკეთა.
ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს. განუცხადა. ბიძინა ივანიშვილმა.
"მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც მან ახალი პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" ჩამოაყალიბა და გადაწყვიტა, პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოალიციას, ყველანი საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ მისი თავმჯდომარეობა და ამ პარტიის რეგიონებში განვითარება არ იქნებოდა ისე, რომ დანარჩენ პარტიებს ხიბლი დაკარგვოდა.
"მე ასე ვფრთხილად ვიქცეოდი. ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა.
მისივე თქმით, ალასანიასთვისაც კარგი იქნება, რომ ეს ხმაური ჩამთავრდეს და "არც ირაკლისთვის იქნება ცუდი, თუ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს თავდაცვის სამინისტროზე".
ივანიშვილის განცხადებით, ჯერ არ უფიქრია, ვინ იქნება ალასანიას ნაცვლად ვიცე-პრემიერი. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიასთან იგივე ურთიერთობას ინარჩუნებს, რაც ჰქონდა. "მთავრობის სხდომის შემდეგ, როდესაც ეს საუბარი გვქონდა, იმის შემდეგაც რამდენჯერმე ვისაუბრეთ. ის ამას გაგებით მოეკიდა", - დასძინა ივანიშვილმა.