ირაკლი ალასანია -  არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის

ირაკლი ალასანია - არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება - იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა და თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნა სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე-პრემიერის თანამდებობას,- აცხადესბ ალასანია.

მისი თქმით, პრემიერის ეს გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია და ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

"მე მქონდა საუბარი ორი დღის წინ პრემიერთან. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა, თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ბუნებრივია, ეს ჩემთვის მისაღებია და ამას მივესალმები. მე არ მინდა, ვინმემ არასწორი დასკვნები ან ინსინუაციები გააკეთოს. ეს იყო შიდა საუბარი. მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში, მისაღებია ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, პრემიერსა და მას შორის შედგა სრულიად ჯანსაღი საუბარი, როგორიც უნდა იყოს ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის.

"მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამაზე საუბარს, არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის", - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს, ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში.