"მიმაჩნია, რომ ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი" - "ოცნებაში" დიდი "გადახარისხება" იწყება?

"სავარაუდოდ, პერსონალიების ცვლილება, თუნდაც მასშტაბური, დიდად შედეგიანი არ იქნება, რადგან სრულიად შესაცვლელია საკადრო პოლიტიკისადმი მიდგომა, ანუ თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ არა პარტიული და ერთგულების, არამედ პროფესიული ნიშნით", - ამის შესახებ ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ განაცხადა.

"ჩვენ გვჭირდება ტექნოკრატიული მთავრობა და სანამ ასეთი მთავრობა არ მოვა ქვეყნის სათავეში, არაფერი გვეშველება. საკადრო პოლიტიკის არსებულ ტრადიციაზე მორგებით შეცდომა დაუშვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამავე შეცდომას უშვებს "ქართული ოცნებაც"... მასშტაბური საკადრო წმენდაა ჩასატარებელი რეგიონებშიც. გუბერნატორების ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ადამიანები შემოვიდნენ.

საჭიროებს, აბსოლუტურად ცხადია. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა გახარიაც საკმაოდ გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეეჭვება, გადაადგილებები ახალ წლამდე მოხდეს. რაღა დაგიმალოთ და, პარლამენტშიც შეიძლება გაცილებით უკეთესი სპიკერის მოძებნა. რაც შეეხება კალაძეს, სიმართლე გითხრათ, მასთან რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ, არ ვიცი, იქნებ ის, რომ ძალიან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ყალიბდება... მოკლედ, მოდი, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ," - განაცხადა თვალჭრელიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარში.