"ეს პროგრამა ეხება იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის „კრედიტინფოს" შავ სიაში. ვალების განულების პროგრამა ვრცელდება სამი სხვადასხვა ჯგუფის ვალდებულებებზე" ამის შესახებ ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა.
"ეს არის ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ფიქსირდებოდა როგორც ვადაგადაცილებული სესხი, რომელიც არ იყო აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით და რომლის ძირითადი თანხა არ აღემატებოდა 2000 ლარს. ზოგადად, განულება ეხება ყველა საკრედიტო პროდუქტს, არაუზრუნველყოფილ სესხს, საკრედიტო ბარათს, ოვერდრაფტს, განვადებას, რომლის ძირი არ აღემატება 2000 ლარს. მეორე ჯგუფს შეადგენს ხანდაზმული ვალდებულებები, ეს არის ვალდებულებები, რომელზეც ბოლო სამი წელი არ მომხდარა თანხის გადახდა. მესამე ჯგუფს, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველის სტატუსისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
ადამიანები, ვისაც შეეხებათ ვალების განულების პროგრამა, არა მხოლოდ განთავისუფლდებიან „შავი სიიდან", შეძლებენ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას. ამ პროგრამის მიღმა, თუ ხარ შავ სიაში და გაქვს სამი გადაუხდელი სესხი, ეს სესხები რომც დაფარო, შავი სიიდან ვერ ამოდიხარ, სანამ არ გაივლი გარკვეულ პროცედურებს, რომელიც მინიმუმ ერთი წელი გრძელდება. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ ამ ადამიანებზე „კრედიტინფოში" არ დარჩება ჩანაწერი, მთლიანად გასუფთავდება მათი საკრედიტო ისტორია. ერთია ის, რომ ადამიანებს ჩამოეწერებათ არსებული დავალიანებები, და მეორე, რომ ისინი შეძლებენ, სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეთ საბანკო სექტორთან, აიღონ სესხი, გახსნან ანგარიში, რასაც აქამდე ვერ ახერხებდნენ. ადამიანების უმეტესობა, ვინც იყო შავ სიაში, ვერ ახერხებდა იმავე ბანკში რაიმე სახის ოპერაციის ჩატარებას, რადგან ავტომატურად ეჭრებოდა თანხის ნაწილი. შესაბამისად, დავალიანების მქონე 600000 ადამიანი გადასული იყო ჩრდილოვან ეკონომიკაში, ისინი სხვადასხვა გზებითა და ხრიკებით ცდილობდნენ თანხების მოძიებას, რის გამოც კიდევ უფრო გაიზარდა კერძო მევახშეობის შემთხვევები" - განაცხადა ჯანიაშვილმა "პრაიმტაიმთან".