მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
სალომე სამადაშვილის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით, თუმცა საუბარმა არალეგიტიმურობაზე და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შესაძლოა ყოფილიყო. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მისივე შეფასებით, ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო.
სალომე სამადაშვილის მოსაზრებას “ტაბულას” გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ამ რეპლიკით გამოეხმაურა:
“ძლივს რაღაც აზრიანი გავიგე ენმ-დან! ალილუია!”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქზე,
ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს.