ცხინვალში ბომბსაფარების მშენებლობას იწყებენ - რისთვის ემზადებიან ოკუპანტები

ცხინვალში ბომბსაფარების მშენებლობას იწყებენ - რისთვის ემზადებიან ოკუპანტები

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება „რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ბომბსაცავების მშენებლობას იწყებს, სადაც, ომიანობის შემთხვევაში, საჰაერო ან საარტილერიო იერიშისას თავის შეფარება იქნება შესაძლებელი. თბილისში ამ გადაწყვეტილებას უცნაურს უწოდებენ.

„როდესაც ისინი მართლა ემზადებდნენ ომისთვის, მაშინ არ განუცხადებიათ ამის თაობაზე. ქალაქის ცენტრში, თუ არ ვცდები, რევოლუციის ქუჩა ერქვა, 48 და 50 ნომერში აშენებული იყო ბომბსაფარი. ასევე, წყალკანალის ყოფილი შენობა ქცეული იყო დიდ ბომბასაფარად. იქ განლაგებული იყო სამართავი პუნქტი ამ ომისა," - აცხადებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრმა, ალან ტადტაევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგეგმება ბომბსაფარების მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დაიწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ნებისმიერი სიტუაციისთვის მზადყოფნა და მომზადება.

მისივე ცნობით, ბომბსაცავების გარდა აშენდება მატერიალური რეზერვების შესანახი საწყობები. ეს ყველაფერი კი „საგანგებო სიტუაციებისათვის სტრატეგიული სახელმწიფო რეზერვების შექმნის პროგრამის ფარგლებში" ხორციელდება.

არეშიძის თქმით, დე ფაქტო მინისტრის განცხადება სიტუაციის დაძაბვის მცდელობას უფრო ემსახურება, ვიდრე რეალური სურათის დახატვას.

„ახლა ეს უფრო ვითარების დაძაბვის გამო არის ნათქვამი, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ მათ დაბომბვას არავინ აპირებს. ცხინვალისთვის ძალიან გამაღიზიანებელია ის, რაც ხდება თუნდაც ატოცთან. ამის გამოა, რომ ისინი მდგომარეობის დაძაბვას აპირებენ - მსოფლიო საზოგადოებას შეატყობინონ, რომ „არიქა, ქართველები ომს იწყებენ."

„მათი მხრიდან პროვოკაციას არ გამოვრიცხავ. არ გამოვრიცხავ ზუსტად იმ მომიტინგეებისგან, ვინც იქ არიან განლაგებული. ეს უფრო მდგომარეობის დაძაბვა, ვიდრე რეალური ქმედება. მაშინდელ ნაბიჯთან თუ გავავლებთ პარალელს, მაშინ ჩუმად გააკეთეს ყველაფერი, ხმა არ ამოუღიათ," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.