გორის რაიონის სოფელ ვარიანის საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარედ იზო კოკაური დაინიშნა. ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადგილობრივი წარმომადგენლის სახელით მოქმდებს და ვარიანის უბაზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. სამაგიეროდ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების მიერ გადაღებულ ვიდეოში იზო კოკაური ამბობს, რომ ის ყველა მთავრობის მხარდამჭერია. ვარიანში 9 ივლისს იზო კოკაური კოალიცია ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებსაც მიაყენა.
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ ვარიანის საარჩევნო უბანზე ცესკოს წარმომადგენლად ნებისმიერი პირის დანიშვნაში რაიმე სახის პოლიტიკური შეზღუდვა არ არსებობს. ,,მთავარია, მან მასზე დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულოს” – ამბობს მალხაზ მირუაშვილი. რამდენად მიკერძოებლად შეასრულებს ცესკოს ადგილობრივი ორგანიზაციის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით მოქმედი მთავრობის მხარდამჭერი იზო კოკაური თავის მოვალეობას, ეს კალაძესთან შეხვედრის დროს გამოხატული მისი პოზიციით კარგად ჩანს.
,,დიახ, მე ამ მთავრობის მხარდამჭერი ვარ. ყველა მთავრობაში კარგად ვიქნები” – ამბობს ვიდეოში იზო კოკაური. ის ამავე დროს საჯარო მოსამსახურეა. მას ვარიანში ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობა უკავია.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებს; იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმების, სხვა საარჩევნო საბუთების შენახვის, დანიშნულებისამებრ გაცემისთვის და ა.შ.