ცხოვრება ფრეზეთის დევნილთა კოტეჯებში ომიდან 4 წლის შემდეგ(VIDEO)

ცხოვრება ფრეზეთის დევნილთა კოტეჯებში ომიდან 4 წლის შემდეგ(VIDEO)

ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებნი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. აქ დღეში სასმელი წყალი 20 წუთით მოდის. დასახლება მთიან ზონაში მდებარეობს და მტაცებელი ცხოველების შემოსევა ხშირია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი მათი მდგომარეობით დაინტერესდა.

,,ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ პენსიაც არ გვაქვს. ვართ უმუშევრები. საქონელს ვუვლით, რომელსაც დღედაღამე ვყარაულობთ, რომ მხეცმა ის მაინც არ შეჭამოს.” – ამბობს ნოდარ გოგიძე.

დისევიდან დევნილი ქალბატონი ია წუხს, რომ მისი შვილი მალე სკოლაში მივა და კილომეტრით დაშორებული სოფლის სკოლაში უნდა იაროს. ,,რაც ამ დასახლებაში შემოვედით, არაფერი გაკეთებულა. სკოლაში როცა მივა ბავშვი, უნდა იაროს იქით აქეთ სულ 4 კმ გზაზე. საბავშვო ბაღიც ერთ კოტეჯშია განთავსებული და ვერ ეტევიან იქ. გაუსაძლისი პირობებია” – ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

,,შემოგვყარეს აქ და ყურადღებას არ გვაქცევენ. პროდუქტი არა გვაქვს, ღობეც კი არ გვაქვს შემოვლებული სახლებზე. უპატრონოები ვართ, ან გადაგვასახლონ აქედან, ან მოგვხედონ.” – ამბობს დევნილი ნადეჟდა ნასროშვილი.

ნანი ჭოველიძე ამბობს, რომ დასახლებაში ყველაფერი პრობლემაა. ,,დღეს დავნიშნე საათი და სულ 20 წუთი მოდიოდა წყალი. ისიც მდორედ. ხალხმა საკუთარი სახსრებით და ძველმანებით შემოღობა ბაღები. აქ ყველაფერი პრობლემაა” – ამბობს ნანი ჭოველიძე.

დასახლების მამასახლისი ადასტურებს, რომ დასახლებაში წყლის პრობლემაა. ის მოსახლეობას ჰპირდება, რომ პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.